LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია, თუნდაც მოღალატეს, დამნაშავეს, უფლება აქვს საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს: ნაკაიძე

345
Untitled design (3)

ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის ამნისტირებას პრობლემად არ მიიჩნევს.

დეპუტატმა ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მოღალატესაც კი აქვს უფლება, საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია აკრიტიკებს პროექტის მეხუთე მუხლს, რომლის მიხედვითაც, ის პირები, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან თავისუფლდებიან.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს მუხლი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეეხებათ. მათ შორის კი სახელდებიან ასლან აბაშიძე, ლევან მამალაძე და იგორ გიორგაძე.

ნაკაიძე, რომელმაც განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, აღნიშნავს, რომ “რაღაც მორალური სიტუაციაც აქვთ, რომ ასლან აბაშიძე თავის ქვეყანაში დაბრუნდეს”:

პირადად მე, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არა ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამნისტია უფრო ჰუმანური აქტი იქნება, თუ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, უფლება მივცეთ, ქვეყანაში მინიმუმ დაიკრძალოს და ამ მიწაზე მოკვდეს.

მსგავსი ადამიანების ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია, თუნდაც იმის გამო, რომ მისი ბაბუა მემედ აბაშიძე მთავარი ფაქტორი იყო იმისა, რომ დღეს აჭარა საქართველოს ერთიანობის ქვეშ არის. ამიტომ რაღაც მორალური სიტუაციაც გვაქვს, რომ ასლან აბაშიძე თავის ქვეყანაში დაბრუნდეს. მან პასუხი აგო იმაზე, რაც ჩაიდინა, თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ისეთ ადამიანს, ვინც დიდი დანაშაული ჩაიდინა, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს”, – თქვა ნაკაიძემ.

პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა, რომელიც ამბობს, რომ ამნისტია ასლან აბაშიძესა და იგორ გიორგაძეზე არ ვრცელდება:

“თუმცა არის 2004 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულების კატეგორია და ძებნა შეიძლება 300 ადამიანის მიმართ შეწყდეს. თუ ამ დანაშაულთა წრეშია ლევან მამალაძე და მას რაიმე სხვა დანაშაული არა აქვს ჩადენილი, ის ამნისტირებული იქნება. მე იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, ვინც იტყვის – რატომ ახდენ მამალაძის ამნისტირებას, 300 კაცს შეღავათი არ შეეხოო. არ მგონია, ეს მართებული იყო, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით”, – თქვა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მეხუთე პუნქტით, ამნისტიის აქტი 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება, თუმცა რიგი დანაშაულების შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან არ გათავისუფლდებიან.

ამნისტია არ გავრცელდება:

  • განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108),
  • განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109),
  • არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-255/2 მუხლები),
  • წამებაზე (მუხლი 144/1), წამების მუქარაზე (მუხლი 144/2),
  • დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 144/3),
  • ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323-ე-331/2 მუხლები),
  • კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე – 413-ე მუხლები).

 

რას საქმიანობს მოსკოვში ინტერპოლით ძებნილი ასლან აბაშიძე, რომელსაც 76 წლის ასაკში ყოფილი მზარეულისგან შვილი შეეძინა