LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ: უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრები

153
ბლინკენი - აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დიპლომატია ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი პასუხისმგებლობიანი გზაა. აღნიშნული განცხადება შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტამდე გავრცელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არავინაა დაცული, ვიდრე ყველა არ სცემს პატივს ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ყველა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას.

„ბოლო სამი ათწლეულია, რუსეთი შეიჭრა სამ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში; ჩაერია არჩევნებში, მკვლელობის მცდელობის მიზნით გამოიყენა ქიმიური იარაღი, როგორც საკუთარ მიწაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ (სკრიპალი, ნავალნი) და დაარღვია იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები.

ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები, რუსეთთან ამ და სხვა საკითხებს მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში დავაყენებთ. უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, მათ შორის შრომით და მისწრაფებით, გახდნენ ევროატლანტიკური და ნატო-ს თანამეგობრობის წევრები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები უპირატესობას სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ანიჭებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზეც მიუთითა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ადამიანის უფლებების პატივისცემას მოითხოვს.

„ეს პრინციპები გაწერილია გაეროს ქარტიაში და ადამიანის უფლებების დეკლარაციაში. ეს დოკუმენტები საფუძველია საერთაშორისო წესრიგის – მშვიდობის, უსაფრთხოების და პროგრესის საუკეთესო გარანტორის.

70 წელზე მეტია ნატო არის უპრეცედენტო მშვიდობის და კეთილდღეობის პერიოდის საფუძველი, ხოლო ეუთო რჩება ერთადერთ სრულიად ინკლუზიურ, ტრანსატლანტიკურ, ევროპულ და ევრაზიულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, სადაც ყველა სახელმწიფომ დადო პირობა დაეცვა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ტოლერანტობა, პლურალიზმი და ადამიანის უფლებები.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინას დღეს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ენტონი ბლინკენი უკრაინიდან ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

ამასთან, გუშინ ნატოსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე კონტინგენტი გაგზავნა.