აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქორწილებში დადიოდა და საჩუქრებს იპარავდა. Fox News-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი არც სტუმრების გაძარცვას ერიდებოდა ხოლმე.
56 წლის სანდრა ლინი ჰენსონი ცხელ კვალზე ალაბამას შტატში, ერთ-ერთ ქორწილში დააკავეს. ქალი ღონისძიებაზე შეიპარა და თავს სტუმრად ასაღებდა. ამასობაში კი საჩუქრების აღება და სტუმრების საფულეების გამოცარიელება მოასწრო.
მალევე გაირკვა, რომ ქალი სერიული მძარცველია და ალაბამას, ტენესის თუ მისისიპის შტატში არაერთი ქორწილი ჩაუშლია. სანდრას 2019 წლიდან ეძებენ, დაიჭირეს კიდეც თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაუშვეს.
როგორც ჩანს, გამოცდილი ქურდი ისევ ძველ საქმეს დაუბრუნდა და ამჯერად კანონის წინაშე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.