ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ “ომიკრონის ფართო გავრცელებასთან დაკავშირებით 27 დეკემბერს აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები”
მაია ბუწაშვილი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს და კიდევ ერთხელ განმარტავს იზოლაციის და კარანტინის ვადებთან დაკავშირებულ დეტალებს.
“აქვე კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ტერმინი იზოლაცია ეხება კოვიდ დადასტურებულ პირს, ხოლო კარანტინი კონტაქტში მყოფ პირს. ასევე დავაზუსტებ, რომ ეს ცვლილება საქართველოში ჯერ არ არის ძალაში და ამიტომ ჩვენ ისევ სტანდარტულ ვადებს ვასრულებთ.
CDC ცვლილების თანახმად, იზოლაცია – კოვიდის დადასტურების შემდეგ იზოლაციის ვადა შემცირდა 5 დღემდე, თუ სიმპტომები გაქრა ან პაციენტი თავიდანვე უსიმპტომო იყო. – ამის შემდეგ კიდევ 5 დღე ნიღბის აუცილებელი გამოყენება.
კარანტინი – თუ პირი ვაქცინირებულია ბოლო 6 თვის განმავლობაში ან გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა (ფაიზერი ან მოდერნა), კოვიდის მქონესთან კონტაქტის შემთხვევაში არ გადადის კარანტინში, მაგრამ 10 დღე მკაცრად უნდა ატაროს ნიღაბი და მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება, თუ ეს შესაძლებელია.
– თუ ვაქცინიდან 6 თვეა გასული ან საერთოდ არ არის ვაქცინირებული, მაშინ 5 დღიანი კარანტინი და შემდეგი 5 დღე ნიღბის მკაცრად გამოყენება. სავარაუდოდ, იზოლაციის და კარანტინის ვადების შემცირება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია და სამუშაო ადგილებზე კადრების დეფიციტი იქმნება”, – წერს მაია ბუწაშვილი.