მიჩიგანის შტატში, ქალაქ პონტიაკის გაუქმებული სტადიონიდან რამდენიმე ათეული Volkswagen–ისა და Audi–ის მარკის ავტომობილები მოიპარეს. საუბარია დიზელის სკანდალში გახვეულ მოდელებზე, რომლებიც გაყალბებული დოკუმენტებით, მეზობელ შტატში გაყიდეს.
The Detroit Free Press ინდიანას შტატის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სულ 69 ავტომობილია მოპარული, მათგან 32 მოდელის გაყიდვას სადილერო ცენტრი ცდილობდა. ავტოსალონში აცხადებენ, რომ არ იცოდნენ, თუკი მოპარულ ავტომობილებს იძენდნენ. დილერი ავტომობილებს დაახლოებით 11 000 დოლარად ყიდულობდა, აუქციონზე კი 18 000 დოლარად ყიდდა. ფოლკსვაგენი ყველა გამოსყიდულ ავტომობილს აკონტროლებს და როგორც VIN კოდები სისტემაში თავიდან გამოჩნდა, პოლიციას მიმართა.
ამ მომენტისთვის პოლიციამ 22 ავტომობილის დაბრუნება შეძლო. გამოძიების მსვლელობის მომენტში Volkswagen–ის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
გახმაურებული დიზელის სკანდალი 2015 წელს მოხდა, როდესაც Volkswagen–ი დიზელის ძრავების თაღლითურ აღჭურვილობაში დაადანაშაულეს. გერმანელები სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებდნენ, რომელიც მავნე ნივთიერებების დონეს გამონაბოლქვში რამდენიმე ათეულით ამცირებდა. 2016 წლის გაზაფხულზე ამერიკის მთავრობამ და ფოლკსვაგენის ხელმძღვანელობამ მოილაპარაკეს და საავტომობილო კომპანიამ წუნიანი ავტომობილების გამოსყიდვა დაიწყო. სულ პარკინგებზე 400 000 გამოსყიდული ავტომობილი ინახება, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და მათი გაყიდვა არ შეიძლება.