აშშ-ს სენატმა, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი მოამზადა.
კანონპროექტი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ФСБ-ს 24 თანამშრომლის და რუსეთის გემთსაშენი სექტორის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
კანონპროექტში ასევე გაწერილია დებულებები იმის თაობაზე, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ ანგარიში უნდა წარადგინოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფინანსური აქტივების შესახებ და ასევე ოპოზიციური პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიების შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, სანქციები ასევე შეეხება ახლად გამოცემულ რუსულ სუვერენულ ობლიგაციებს, რუსეთის გარეთ მოქმედ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ენერგეტიკულ სფეროში.
კანონპროექტის ავტორები „დემოკრატი“ სენატორი რობერტ მენენდესი და „რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრემი არიან.
25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. 24 უკრაინელი მეზღვაური რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. მათ ბრალი რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით წაუყენეს.