LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩოს განცხადების მეორე ნაწილიც წავიკითხოთ, სადაც ლაპარაკია, რომ პარტიებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ პარლამენტში

56
ირაკლი ქადაგიშვილი

აშშ-ის საელჩოს განცხადების მეორე ნაწილიც წავიკითხოთ, სადაც ლაპარაკია, რომ პარტიებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ პარლამენტში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თემის კომენტირებისას.

ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისინი საკანონმდებლო პროცესს ვერ დაუკავშირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს.

„დეპუტატებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ კანონპროექტის განხილვაში. ოპოზიციიდან იმ დეპუტატებმა, ვინც პარლამენტში დადიან, მონაწილეობა მიიღეს და მათი აზრი გათვალისწინებული იყო.

შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში არ ჩაერთონ სრულყოფილ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ ამას ვხედავთ უკვე ამ დღეების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, შესაბამის დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით, ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვექნება.

ამ განცხადებაში კიდევ არის ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია, რომ პარტიებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ პარლამენტში. მეორე ნაწილიც წავიკითხოთ და ალბათ, დრო არის, პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ ხელშეკრულებას, პარლამენტში მოვიდნენ, სრულყოფილად იმუშაონ.

პარლამენტი ვერ იქნება პარალიზებული იმის გამო, რომ მთელი რიგი პარტიები ჯეროვნად არ ასრულებენ კონსტიტუციით და ამომრჩევლის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩო იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.

„საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო“.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია: „საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ“, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში“.