ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ევროპაში მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინონ. კონკრეტულად კი დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის ქვეყნებში, თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებსა და ტრანსპორტში ზაფხულის ბოლომდე ტერაქტების რისკი არსებობს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მოქალაქეებმა ევრო-2016 საფეხბურთო ჩემპიონატის დროს. ამ პერიოდში ტერაქტების ყველაზე დიდი რისკი სტადიონებზე, ფეხბურთის გულშემატკივრების თავშეყრის ადგილებში და გასართობ ცენტრებშია, სადაც მატჩების ტრანსლირება მოხდება. განცხადებაში მოქალაქეებს ახსენებენ, რომ საფრანგეთმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 26 ივლისადმე გაახანგრძლივა.
ამასთან, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მსოფლიო ახალგაზრდობის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებებზე 26-31 ივლისს 2.5 მლნ ვიზიტორს ელოდებიან. პოლონეთი ამ პერიოდში საზღვრების კონტროლს გააძლიერებს, ამიტომ ტურისტები მზად უნდა იყვნენ, რომ ქვეყანაში შესვლისას განსაკუთრებული შემოწმებების გავლა მოუხდებათ.
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს მოქალაქეებს აფრთხილებს, ყურადღებით იყვნენ ტრანსპორტით გადაადგილებისას; მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს; გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები; ადევნონ თვალყური მედიას; მზად იყვნენ უსაფრთხოების დამატებითი ზომების გასავლელად; ევროპაში მარტო მოგზაურობის შემთხვევაში მუდმივად შეატყობინონ ოჯახს, სად იმყოფებიან.