ინტერნეტში განთავსდა საიდუმლო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით აშშ-ს საომარი ოპერაციები ძალიან არაეფექტურია, ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული ბიურო ავრცელებს.
დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს სტატისტიკას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ საფრენი აპარატების გამოყენების შედეგად ავღანეთში, იემენსა და სომალიში, ინტერნეტში დღეს განთავსდა.
დოკუმენტებში, ასევე აღწერილია პრინციპი, თუ როგორ არჩევენ უპილოტო საფრენი აპარატებისთვის სამიზნეებს და ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
მასალები დათარიღებულია 2013 წლით. როგორც პუბლიკაციის ავტორები ამბობენ, დოკუმენტები პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღეს. მასალა უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტურობის კვლევას მოიცავს.
ავტორების მტკიცებით, სამიზნეების არჩევისას აშშ ხშირად ხელმძღვანელობს მხოლოდ ფრაგმენტული, არაზუსტი ინფორმაციით, რაც, საბოლოოდ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს. მაგალითად, დოკუმენტების მიხედვით, ავღანეთში 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის თებერვლამდე უპილოტო საფრენი აპარატების მიერ მოკლული 200 ადამიანიდან მხოლოდ 35 იყო ექსტრემისტული დაჯგუფების წევრი.
თეთრმა სახლმა არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ცდილობენ, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანონ.