LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს არჩევნების ფონზე დოლარი ეცემა

108

ამერიკის არჩევნების პარალელურად მსოფლიო ბირჟებზე მკვეთრი ცვლილებებია. ამერიკის არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე, დოლარი განსაკუთრებით დაეცა. ამერიკული დოლარი დილიდან უფასურდება ევროს, ფუნტის, იენისა და შვეიცარული ფრანკის მიმართ.

ევრო დოლარის მიმართ 2%-ზე მეტით გამყარდა, ფუნტი კი 1%-ზე მეტად.

დოლარი დაახლოებით 3%-ით გაუფასურდა იაპონური იენის, ხოლო შვეიცარული ფრანკის მიმართ 2%-ით.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიაში 266 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი 218. შესაბამისად, დონალდ ტრამპს გამარჯვებისთვის მხოლოდ 4 ხმა სჭირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

ამ დროისთვის რესპუბლიკელების კანდიდატი უკვე მილოცვებს იღებს.

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტები მის ეკონომიკურ პროგრამაზე დაყრდნობით, დოლარის გაუფასურებას თავიდანვე ვარაუდობდნენ.

ტრამპის პროგრამაში გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირებაა გაწერილი. განაკვეთების მცირედით და ეტაპობრივი შემცირება ეკონომიკისთვის სასარგებლოა, მაგრამ დონალდ ტრამპის გეგმა მკვეთრ ცვლილებებს გულისხმობს, რაც ვარაუდობენ, რომ ფედერალური მთავრობის შემოსავალს მნიშვნელოვნად შეამცირებს და საბიუჯეტო დეფიციტს გაზრდის.

დონალდ ტრამპი საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას მხარს უჭერს, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ამის განხორციელება შემცირებული გადასახადების პირობებში საკმაოდ რთული იქნება.

”ორივე კანდიდატის ეკონომიკური პოლიტიკის გაანალიზებით შეიძლება ითქვას, რომ თუ ფედერალური რეზერვი არჩევნების პერიოდში რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ დონალდ ტრამპის არჩევა დოლარის კურსზე ნეგატიურად აისახება”, – იწერებოდა არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე.