აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი, უკრაინას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას დაჰპირდა.
ამის შესახებ ჯეიმს მეტისმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ განზრახვა გვაქვს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა. ახლახან ჩვენ დავამტკიცეთ უკრაინაში 175 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკის მიწოდება, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობაა, რაც გააძლიერებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობას,“ – აღნიშნა ჯეიმს მეტისმა.
პენტაგონის ხელმძღვანელი ასევე შეეხო უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს.
„რაც შეეხება ლეტალურ შეიარაღებას, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. მე აშშ-ში დავბრუნდები და იმის საფუძველზე, რაც აქ ვნახე, ინფორმაციას მივაწვდი ქვეყნის ხელმძღვანელობას“, – დასძინა მეტისმა.