ჯონ მაკკეინი გამოდის ინიციატივით, აშშ-ის პრეზიდენტს ქვეყნის ნატო-დან გაყვანის უფლება ჩამოართვან. სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აშშ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სენატის თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. ინიციატივას მხარს რამდენიმე “დემოკრატი” სენატორი უჭერს.
მაკკეინს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპი ბრიუსელის სამიტზე ნატოს მოკავშირეებს ცუდად მოექცა.
სენატორის თქმით, “ნატოს მოკავშირეები 70 წლის განმავლობაში მსხვერპლს წირავდნენ დემოკრატიული სამყაროსთვის, რომელიც უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობას” ეფუძნება. მისივე თქმით, ნატომ აშშ-ის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეეძლო აშშ ალიანსიდან გაეყვანა, თუ მოკავშირეები სამხედრო ხარჯების გაზრდას არ დათანხმდებოდნენ.