საქართველომ წელს აშშ-ის “მწვანე ბარათის” მოგებით რეკორდი მოხსნა და სულ მცირე, 3-4 ათასამდე ადამიანმა აშშ-ის “მწვანე ბარათი” მოიგო. ამის შესახებ Turebi.ge-ის დირექტორმა ნიკა გოგოლაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა და განმარტა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება, მით მეტია მოგების ალბათობა და კვოტაც.
“თუმცა მწვანე ბარათის მოგება არ ნიშნავს, რომ ამერიკაში წასვლა ხვალვე შეგიძლიათ, რადგან მთავარი – მეორე ეტაპია გასავლელი და ამისთვის კანდიდატებს ყველა საჭირო საბუთის მოგროვება სჭირდებათ, იქნება ეს დაბადების მოწმობა, პასპორტი, განათლების, ნასამართლეობისა, თუ ჯარის ცნობა. აუცილებელია თავად ამერიკაში საცხოვრებლის/სამსახურის მოძიება და DS260 -ის ყოველგვარი შეცდომის გარეშე შევსება”, – განმარტა ნიკა გოგოლაძემ.
მისივე თქმით, პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, ყველა მაინც არ, ან ვერ მიდის ამერიკაში, რადგან ნაწილი საბუთების მოგროვებას ვერ ახერხებს, ბევრს ნასამართლეობის პრობლემა აქვს, ნაწილი კი, ამ შესაძლებლობით აღარ სარგებლობს და წასვლას, საქართველოში დარჩენას ამჯობინებს.
“წლების წინ საქართველოში, “მწვანე ბარათის” მოსაგებად, ადამიანების ის კატეგორია რეგისტრირდებოდა, რომლებიც ვერ საქმდებოდნენ ქვეყანაში და ამ გადაწყვეტილებას სიღარიბის გამო იღებდნენ. დღეს კი წასვლა უნდა ყველას, დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანებიც აპლიკაციას ავსებენ. ფაქტობრივად ყოველი მეორე რეგისტრირდება, ანუ ყველა ვისაც აქვს რესურსი, ძალა და შეუძლია პროდუქტის შექმნას, არის ნიჭიერი, წარმატებული და განათლებული, ან უკვე წასულია საქართველოდან, ან აპირებს წასვლას, ან საერთაშორისო კომპანიაში საქართველოდან მუშაობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შრომისუნარიან ადამიანებს ვკარგავთ”, – განაცხადა ნიკა გოგოლაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც “მწვანე ბარათის” გათამაშებაში ერთვებიან და მაგალითად თუ 2011 წელს 20 ათასი კაცი იყო დარეგისტრირებული, 2021 წელის გათამაშებისთვის უკვე 112 ათასი დარეგისტრირდა, თან პანდემიის პირობებში. აშშ-ის მწვანე ბარათის გარდა, ასევე გაზრდილია მოთხოვნა აშშ-ის ტურისტულ ვიზაზეც და 2024 წლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არ არის.
Turebi.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია, საქართველოში აშშ-ის საელჩოდან გამოითხოვა. “მწვანე ბარათის” გამარჯვებულების სტატისტიკა ოფიციალურად სექტემბერში გამოქვეყნდება.
წყარო: BM.GE