საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებას, რომელიც მან მოსამართლეების აშშ-ში ვიზიტებთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აშშ ამაყია, რადგან შესაძლებლობა აქვს, ქართველ მოსამართლეებს ძალისხმევის გაძლიერებაში დაეხმაროს:
„პატივი მქონდა, ბოლო წლების განმავლობაში შევხვედროდი ბევრ მოსამართლეს – ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის რეგიონებში. ყველა მათგანისგან მოვისმინე აშშ-ში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის, სასწავლო ვიზიტების, ტრენინგების შესახებ. ჩვენ საქართველოში ჩამოგვყავს ამერიკელი მოსამართლეები, რათა ქართველ მოსამართლეებს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ. მე მათგან მოვისმინე, ყველა დაინტერესებულია, რომ იყოს კიდევ მეტი ასეთი შესაძლებლობა, მეტი სასწავლო ვიზიტი, მეტი ტრენინგი, რადგან ძალიან ღირებულია, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და ერთმანეთს გამოცდილებას და მოსაზრებებს უზიარებენ.
ეს ტრენინგები და გამოცდილების გაზიარება ძალიან კარგად მიიღეს, ის ხელს უწყობს საქართველოს სასამართლო სისტემის მოდერნიზების ძალისხმევას და ეს არის ის, რასაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს.
სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მუშაობის თვალსაზრისით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ის რაც ახლა უნდა გაკეთდეს, ამ სამუშაოს გაგრძელებაა. ეს ნათელია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 რეკომენდაციიდანაც.
ეს არის იგივე საქმე, რაც დიდი ხანია, საქართველოს დღის წესრიგში დგას. აშშ ამაყია, რომ აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს ქართველ მოსამართლეებს მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ სასამართლო დარბაზებში მუშაობა და ეფექტურობა და კანონის აღსრულების უნარი მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ჩარევის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.