“იმდენად აშკარაა ჩვენი მოქალაქეების განწყობა – რომ ბოიკოტს არ გააჩნია არანაირი საფუძველი, რომ მოქალაქეების 60 პროცენტი ამ კვლევითაც კი ამბობს, რომ ბოიკოტი მიუღებელია, ეს არის მთავარი გზავნილი.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ წარდგენილ კვლევის შედეგებს ეხმიანება.
მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI
მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა
პაპუაშვილი ამბობს, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობას კვლევები არ სჭირდება. მისი თქმით, ეს მათთვის ნათელია ოპონენტების საპროტესტო აქციებით, რომლებზეც მოქალაქეები არ მიდიან, რადგან არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ, ბოიკოტს მხარს არავინ არ უჭერს:
“ჩვენ ჩვენი დათქმები გვაქვს ამ კვლევების ვალიდურობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, იმდენად აშკარაა ჩვენი მოქალაქეების განწყობა, რომ ბოიკოტს არ აქვს არანაირი საფუძველი. მოქალაქეების 60 პროცენტი ამ კვლევითაც კი ამბობს, რომ ბოიკოტი მიუღებელია, ეს არის მთავარი გზავნილი. რასაც ჩვენ ვხედავთ, ამას კვლევები არ სჭირდება, ამას ვატყობთ ჩვენი ოპონენტების საპროტესტო აქციებით, რომლებზეც მოქალაქეები არ მიდიან, რეაქციებით, რომლებიც მოქალაქეებისგან მოდის, არავინ ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის გარეთ მხარს არ უჭერს ბოიკოტს.
თუ ისინი ამ კვლევებს ენდობიან, ხომ უნდა გაუსწორონ სიმართლეს თვალი, მინიმუმ, იმ კვლევების მიხედვით, რომელიც მათთვის არის სანდო. ამის მიუხედავადაც კი, თუკი ისინი მაინც არ შემოდიან პარლამენტში, ეს ან მიამიტობაა, საკუთარ გადაწყვეტილებაში გაჯიუტება და კაპრიზები ან ეს არის მიზანმიმართული, განზრახ ქცევა, რომ რამენაირად გამოიყენონ ყველა საშუალება ქვეყანაში სიტუაციის არევის, შიდა თუ გარე უკმაყოფილების გამოწვევის, რომ მიაღწიონ მთავარ საწადელს და მიიღონ ძალაუფლება, რომელსაც ვერ იღებენ არჩევნების გზით და ცდილობენ წაგლიჯონ ის მოქალაქეებს იმით, რომ გამოიწვიონ არეულობა და ამღვრეულ წყალში ნახონ ძალაუფლების წყარო.” – ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები გუშინ წარადგინა.
კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 42 % კატეგორიულად არ ეთანხმება.