LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშენდება თუ არა “ართანა ჰესი”?

303

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

უწყების ცნობით, ჰესის მშენებლობა გადაწყვეტილი არ არის. ამჟამად სამინისტროში მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვა. გახილვის შემდგომ მომზადდება კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები და გადაეგზავნება საქმიანობის განმახორციელებელს.

გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ რომ ჰესის აშენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ეტაპზე მიიღებენ, მანამდე კი სხვადასხვა კვლევაა ჩასატარებელი.

„ფორტუნა“ უწყების განცხადებას გთავაზობთ, სადაც ნათქვამია, რომ ისინი პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს, ნებისმიერი პირისგან მიიღებენ:

„2017 წლის 17 თებერვალს, სამინისტროში შ.პ.ს ,,ართანა ლოპოტას“ მიერ, წარმოდგენილ იქნა 4.22 მგვტ სიმძლვრის ართანა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

ამ ეტაპზე სამინისტროში მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვა. გახილვის შემდგომ მომზადდება კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები და გადაეგზავნება საქმიანობის განმახორციელებელს.

აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის 6 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს წარმომადგენელი.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიიღოს და განიხილოს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები.

ამასთან სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას მიღოს და განიხილოს ნებისმიერ დაინტერესებული პირის მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტან დაკავშირებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ საჯარო განხილვის ეტაპი არ არის გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ეტაპი, ვინაიდან პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ეტაპზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ართანა ჰესის წინააღმდეგ სოფლის მოსახლეობა პეტიციას ავრცელებს. პეტიციას ხელს სოფელ ართანის მცხოვრებლები აწერენ. ისინი მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, პარლამენტის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს სახალხო დამცველს და მწვანე ალტერნატინატივის აღმასრულებელ დირექტორს ნინო გუჯარაიძეს, რომ არ დაუშვან სოფელში ჰესის მშენებლობა.