ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია 8 მაისს თბილისში გაიმართება.
ასევე თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი.
მსგავსი ტიპის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად გაიმართება, აქამდე სპორტის არც ერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა გამოკითხვაში, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული 9 804 ხმით დაისაკუთრა.
დაჯილდოების ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლაციის ორგანიზებას საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც გააშუქებენ.