რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა, რომელმაც პროექტზე „ვოისი“ და დაგეგმილ სოლო კონცერტზე ისაუბრა. მომღერალმა ახალი ნამუშევრის გამოსვლის თარიღიც დააანონსა.
სტეფანე, არაჩვეულებრივი პროექტის, „ვოისის“ ჟიურის წევრი ხარ, რას გვეტყვი პროექტთან დაკავშირებით, როგორი თაობა მოდის?
თაობა, როგორც ყოველთვის, მოდის საოცარი. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნიჭის ზეიმია, არავის გაუკვირდება და არ გაუკვირდებათ არც ის, რომ „ვოისში“ წელსაც საოცარი მონაწილეები არიან. ბრმა კასტინგის გადაღებები დამთავრებულია, უკვე ვიცით, ვინ არიან მონაწილეები. ტემპერატურა ნამდვილად ძალიან მაღალია, ერთი სიტყვით, ძალიან მაგარი შოუ იქნება.
თუ არიან ისეთი მონაწილეები, რომლებზეც გული გწყდება, რადგან შენთან ვერ მოხვდნენ?
წელს მთელ მსოფლიოში ახალი კანონია. პირველი „ვოისის“ დროს გუნდში 15 მონაწილე გვყავდა, მერე თორმეტამდე შეამცირეს, ახლა კი 8 მონაწილეა. 8 ძალიან ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ სულ ვფიქრობ, დავაჭირო თუ არა ღილაკს ხელი, ამიტომ ვიღაც შეიძლება ძალიან მაგრად მღეროდეს, მაგრამ მაინც არ დააჭირო ხელი, ძალიან დიდი გამოწვევაა და ძალიან გაგვიჭირდა შერჩევა. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ ღილაკზე ხშირად დაჭერის საშუალება არ გვქონდა და პროექტს მიღმა რამდენიმე ისეთი, მომღერალი დარჩა, რომლებზეც ძალიან მწყდება გული.
ვისაუბროთ შენს სოლო კონცერტზე, რომელიც დეკემბრის დასაწყისში შედგება?
„მონო ჰოლში“ 3 დეკემბერს მაქვს კონცერტი, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადები. კონცერტზე რამდენიმე ახალი სიმღერა შესრულდება და ამ პერფორმანსისთვის მთლიანად გადაკეთებული იქნება პროგრამა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონცერტი ჯერ არ მქონია. აქამდე რა კონცერტებიც ჩავატარე, ის პროგრამები ბევრჯერ შევასრულე და თავად რომ არ მომბეზრებოდა, მთლიანად გადავაკეთე. ამ კონცერტს ფაქტობრივად ვერ გავიმეორებ, რადგან ტექნიკურად ძალიან რთულია, არის ძალიან ბევრი კოლაბორაცია და ა.შ. სულ სხვანაირი მუსიკა იქნება, სრულიად განახლებული, გულით ვცდილობ, რომ ძალიან კარგი იყოს ეს კონცერტი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი ხარისხის შოუ დაიდოს. დიდი ხანია არ დამიწერია და არ ჩამიწერია ახალი სიმღერა და ახლა, 28 ნოემბერს გამოვა ჩემი ახალი ნამუშევარი, რომელსაც „Metro Production“ იღებს. მთელი ჩემი რესურსი, ფინანსური, ინტელექტუალური ამ კლიპში და სიმღერაში ჩავდე.
გადაცემის ჩანაწერი: