რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე აცხადებს, რომ „ასეთი ბინძური და სასტიკი ომი ჯერ არ უნახავს“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განმარტა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ყველაფერს იყენებს – როგორც ავიაციას, ასევე ფრთოსან რაკეტებს.
ნადირაძემ აღნიშნა, რომ ვინც უკრაინაში ჩადის, მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა იქ მებრძოლ ჯარისკაცებთან, რადგან ქართველ ჯარისკაცებს ის გამოცდილება არ აქვთ, რაც უკრაინა-რუსეთის ომისთვის საკმარისი იქნება.
„უკვე 52 წლის კაცი ვარ, ასეთი ბინძური და სასტიკი ომი ჯერ არ მინახავს. ეს არც ერაყის ომია, არც ავღანეთის და საერთოდ, საქართველოშიც არ ყოფილა ასეთი საშინელი ომი. რუსეთმა აბსოლუტურად ყველაფერი გამოიყენა, – დაწყებული ავიაციიდან, დამთავრებული ფრთოსანი რაკეტით. გუშინაც დაიბომბა უკრაინის რამდენიმე ადგილი ამ ფრთოსანი რაკეტებით.
ამიტომ ვამბობ, რომ ჩამოხვალთ, აიღეთ კონსულტაციები იმ ადამიანებისგან მაინც, ვინც დიდხანს ვართ აქ, რომ რაღაც რჩევა მოგცეთ სად, როგორ და რანაირად მოიქცეთ. ის გამოცდილება, რაც ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ, არ არის საკმარისი ამ ომისთვის და წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ სად მოდიან, რა პოზიციაზე უნდა გავიდნენ, როგორ უნდა იმოქმედონ და როგორ უნდა იბრძოლონ“, – განაცხადა ვანო ნადირაძემ.