შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქობულეთში დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბათუმში, მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 18 საბრძოლო ვაზნით.
ასევე, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, პირის მიერ გადამალული, „აკა 74“-ის და „აკმ“-ის მოდელების 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და 198 საბრძოლო ვაზნაა ამოღებული.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.