LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არწივის პირველი არიის დაწყებამდე, ჩვეულზე უფრო დიდი პაუზა გააკეთა… წელში ოდნავ მოხრილი იყო.. თურმე ძლივს იდგა სცენაზე”, – გია ბაღაშვილი თემურ წიკლაურთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს

628
Capture

მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა სოციალურ ქსელში მომღერალ თემურ წიკლაურის ფოტოები გამოაქვეყნა და მასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.

“ეს ფოტები ზუსტად 4 წლის წინ, 2018 წლის 27 აგვისტოსაა გადაღებული. დიდი მზადება გვქონდა. მეორე დღეს, “ბლექ სი არენაზე”, “ჩხიკვთა ქორწილის” სანახავად მოსული 10 000 მაყურებლისთვის უნდა გვემასპინძლა. ჩვენი არწივი მაშინ ჩვენ გვერდით იყო. რეპეტიციაზე, როგორც წესი, პირველი მოდიოდა. პირველ მუსიკალურ სცენას ჩვენ ორნი გავდიოდით. ხმასაც ყოველთვის ერთად ვასწორებდით. ყველაზე მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ იყო. ამ დროს, ერთი თვით ადრე ინსულტი ჰქონდა გადატანილი. არავის გვეგონა, სცენაზე გამოსვლას თუ მოახერხებდა. თავად გადაწყვიტა, “ბლექ სი”-ს სპექტაკლებისთვის მზად ვიქნებიო! თქვა და შეასრულა! როგორც ყოველთვის!

მეორე დღეს დიდი გამარჯვება გველოდა ყველას ერთად. ეს გამარჯვება, პირველ რიგში, თემურ წიკლაურმა განსაზღვრა. მის პირველ გამოჩენას მაყურებლის დიდი ოვაცია მოჰყვა და ეს მუხტი სპექტაკლის ბოლომდე არ განელებულა. ერთი რამ კი მეჩვენა ცოტა უცნაურად – არწივის პირველი არიის დაწყებამდე, თემურმა ჩვეულზე უფრო დიდი პაუზა გააკეთა… წელში ოდნავ მოხრილი იყო… შემდეგ, მხრებში ერთიანად გაიშალა და თავისი ჯადოსნური, ზებუნებრივი ძალისა და განუმეორებლი ტემბრის მქონე ხმით დასჭექა: “ვისაც მაღლა ფრენა უყვარს, არ ერგება შესვენება…” საოცრად ორიგინალური და შთამბეჭდავი ფრაზირება გამოუვიდა…

არა და თურმე ძლივს იდგა სცენაზე. ეს არავინ ვიცოდით. მხოლოდ მოგვიანებით, სპექტაკლის შემდეგ გამართულ ბანკეტზე გაგვანდო – სანამ პირველ ფრაზას დავიწყებდი, ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი და მეგონა წელში გამართვას ვერაფრით შევძლებდიო… ეს არ უგრძნია მაყურებელს, არ გვიგრძნია სცენაზე მდგომ 37 არტისტს. ყველა ერთად ვგრძნობდით და ვხედავდით მხოლოდ ერთ რამეს – დიდ შემოქმედსა და დიდ პიროვნებას! ასეთი მომღერალი საუკუნეში ერთხელ იბადება, ასეთი ვაჟკაცი – კიდევ უფრო იშვიათად!”, – წერს გია ბაღაშვილი ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები