დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2022“ გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.
ფესტივალი დღეს ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.
16 ივლისს დასკვნით კონცერტს GAGA FRANI, 17 ივლისს კი ჯგუფი REGGAEON გამართავს. 22 ივლისს, მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარდგება. 23 ივლისს „Art-გენი“ პირველად, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს ფესტივალის თბილისის ტურს „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.
დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები მოეწყობა. ფოლკლორის ნაწილში სცენა ქართული ბრძოლის ამბავს, „ჰოროლს“, ანსამბლ „გორდელას“, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთს“, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს“დაეთმობა.
მაყურებლის წინაშე ასევე, წარდგებიან: ანსაბლი „მესხეთი“, „ადილეი“, „ქალილო“, „ძირიანი“. „არტ-გენი 2022“-ის რეგიონული ტურნე 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.
ფესტივალის მთავარი სპონსორია „ავერსი“, გენერალური სპონსორი – „ნიკორა“. ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. მხარდამჭერები: „პირველი არხი“, „თიბისი“, ლუდი „ნატახტარი“, „ნაბეღლავი“, „მილდიანი“.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.
ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.
ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.
ფესტივალის პროგრამა:
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში 18:00 საათიდან რეწვის გამოფენები და ქართული სამზარეულოს კუთხეები
15 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „მესხეთი“ (ახალციხე)
22:30 საათი – „სუხიშვილები“
16 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „გორდელა“
22:30 საათი – GAGA FRANI
17 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „ადილეი“ , “ჰოროლი”
22:30 საათი – REGGAEON
22 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „ქალილო“ (დუშეთი)
სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“
22:30 საათი – ნინო ქათამაძე & „ინსაითი“
23 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „ძირიანი“
22:30 საათი – სანდრო ნიკოლაძე & ბენდი
24 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი
„ბერიკაცები“ (საგარეჯო) • ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“
22:30 საათი – „33ა“.