LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა უსაფრთხო სასმელი წყალი – “ფორტუნამ” GWP-სგან ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოითხოვა

Capture

“თბილისში სასმელი წყლის დალევა საშიშია, არ დალიოთ დაბინძურებულიწყალი“ – მსგავსი შინაარსის “პოსტები” სოციალურ ქსელში ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება. მოსახლეობის ნაწილი წყლის ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს და მოქალაქეებს მოუწოდებს ონკანის წყალი არ დალიონ.

“ფორტუნა” ესაუბრა რამდენიმე პირს, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, ბავშვებს ბოლო დღეებში კუჭ-ნაწლავის პრობლემები დაეწყოთ და ღებინება აღენიშნებათ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა, სასმელი წყლის დაბინძურებასაც უკავშირდებოდეს.  მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა სოციალური ქსელითაც. ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ მოწამლული პაციენტები იაშვილის კლინიკამ მიიღო. თუმცა, “ფორტუნას” კლინიკის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ეს დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.  პრესსამსახურში განმარტეს, რომ კლინიკაში კვლევების მეშვეობით, ადგენენ მოწამვლის მიზეზს და წყლით ინტოქსიკაციით მათთან არავინ მიუყვანიათ.

 

31 იანვარს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ  თბილისში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სააგენტოს ინფორმაციით, სასმელი წყლის შემოწმება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მუდმივად ხორციელდება და სინჯების კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხდება. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში მოქალაქეები სხვა რეალობაზე საუბრობენ და აქვეყნებენ ფოტო და ვიდეომასალებს.

 

<

გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე განცხადებით გამოეხმაურა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ  სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

“კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს,” – ნათქვამია განცხადებაში. მსგავსი შინაარსის განცხადება კომპანიამ დღესაც გაავრცელა.

ფორტუნამ GWP-სგან ლაბორატორიული კვლევის  შედეგები გამოითხოვა. სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებით, წყლის ხარისხს რამდენიმე მაჩვენებელი განსაზღვრავს. რეგლამენტით, კომპანია ვალდებულია შეამოწმოს:

  1. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები;
  2. მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლები;
  3. ქიმიური მაჩვენებლები (ზოგადი მაჩვენებლები, არაორგანული და ორგანული ნივთიერებები);
  4. რადიაციული უსაფრთხოების მაჩვენებლები;
  5.  წყლის დამუშავების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მავნე ქიმიური ნივთიერებების ნორმატივები;

 

კომპანიამ “ფორტუნას” მიაწოდა იანვრის თვეში სათავე ნაგებობიდან მიწოდებული წყლის სრული ქიმიურ – მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგები, რომელიც 29 და 15 იანვრით თარიღდება.

ზემოთ მოცემულ ცხრილში მწვანედ არის ნაჩვენები ის მონაცემები, რომელსაც კომპანია რუტინულად, ყოველდღიურად ამოწმებს. ცხრილში მოცემული კვლევის შედეგები ემთხვევა დადგენილ ნორმას, მათ შორის ნორმას ემთხვევა ფერიანობის მონაცემიც, რომელზეც მოსახლეობის დიდი ნაწილი ბოლო რამდენიმე დღეა საუბრობს. ნორმასა და კვლევის შედეგებს შორის მცირედი განსხვავებაა მხოლოდ ერთ გრაფაში, რომელშიც ფტორიდების შემცველობაა განსაზღვრული. “ფორტუნა” დაინტერესდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, (29 იანვრის გარდა, რომლის შედეგებიც ცხრილში მოცემულია) როგორი იყო კვლევის შედეგები ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემების, როგორიცაა მაგალითად, Salmonella, Streptococcus faecalis, დიზენტერული ამებას ცისტები, რომელიც წყალში არსებობის შემთხვევაში იწვევს ნაწლავურ ინფექციებს და ახასიათებთ ისეთი სიმპტომები, რომელზეც ზემოთ მოქალაქეები საუბრობდნენ (გულისრევა, დიარეა). ამასთან დაკავშირებით კომპანიაში განმარტეს, რომ აღნიშნულზე, ისევე როგორც სხვა მონაცემებზე, რომელიც ცხრილში მწვანე ფერით არ არის მონიშნული, კვლევა ტარდება თვეში ერთხელ, რადგან რეგლამენტი მათ რუტინულ კვლევას არ მოითხოვს. 29 იანვრის მდგომარეობით კი, აღნიშნული მიკრობიოლოგიური ბაქტერიები წყალში არ აღმოჩნდა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ 29 იანვრის მიკრობიოლოგიური მონაცემები 72 საათით ადრე ანუ 26 იანვარს აღებული წყლის სინჯების ლაბორატორიული კვლევის შედეგია. რადგან როგორც კომპანია განმარტავს ამ სახის კვლევას სწორედ 72 საათი სჭირდება.

სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია, რომ რუტინულად კვლევები უნდა განხორციელდეს შემდეგ მაჩვენებლებზე:

ა) ორგანოლეპტიკური: სუნი, გემო, ფერიანობა, სიმღვრივე;

ბ) მიკრობიოლოგიური: მეზოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები, საერთო კოლიფორმული ბაქტერიები E.coli ;
გ) ქიმიური: PH, აზოტისფორმები (ამიაკი, ნიტრატი, ნიტრიტი), ქლორიდები, ჟანგვადობა, ნარჩენი ქლორი.

კომპანია კვლევების წარმოებისას სწორედ ამ დადგენილებით ხელმძღვანელობს. “ფორტუნამ” დამატებით გამოითხოვა  ბოლო პერიოდის განმავლობაში (29 იანვრის გარდა, რომელიც ცხრილის სახით ზემოთ იხილეთ) ჩატარებული იმ კვლევის შედეგებიც, რომელსაც კომპანია რუტინულად ატარებს. მაჩვენებლები, რომელიც  ყოველდღიურად მოწმდება 26, 27 და 28 იანვარს ნორმას შეესაბამება. რაც შეეხება 30 და 31 იანვრის შედეგებს, ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ორგანოლეპტიკური და ქიმიური კვლევის შედეგები აქვს, რომელიც ასევე შეესაბამება რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.  მიკრობიოლოგიურ კვლევას კი, როგორც კომპანია განმარტავს, 72 საათი სჭირდება, ამიტომ ამ სახის მონაცემები კომპანიას 2 და 3 თებერვალს ექნება, რომელსაც მოწოდებისთანავე “ფორტუნა” მკითხველს შესთავაზებს.