„ნამახვანჰესის“ მშენებლობას რიონის ხეობის მცველები აგრძელებენ. დღეს ორმა სამინისტრომ, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოხდეს ყველა კვლევის შესწავლა.
ბევრს საუბრობენ, რომ პროექტზე რომელზე მსჯელობაც, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, ხელი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა.
დღეს, ცნობილი ხდება, რომ არსებობს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკის მინისტრს ავალებს საქართველს მთავრობის სახელით მოაწეროს ხელი – ხელშეკრულების ასლი გიორგი გახარიასთან დაკავშირებულმა გვერდმა გამოაქვეყნა.
“ფორტუნა” დაინტერესდა არის თუ არა ავთენტური სოციალური ქსელში გავრცელებული დოკუმენტი და მოიძია 2019 წლის 23 აპრილით დათარიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება #905, რომელსაც ხელს, იმ პერიოდში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფი მამუკა ბახტაძე აწერს.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “ნამახვანის” ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა შპს “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია” და რომ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე დადებულ ხელშეკრულების პროექტს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეგახსნებთ, გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2016 წლის 27 ნოემბერიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო. ხოლო, 2019 წლის 18 აპრილიდან საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ნათია თურნავას უკავია.