21 იანვარი, 14:00 საათი, 2021 წელი – ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში უკვე ჩაიწერა და მას უბრალოდ ერთი სახელი შეიძლება დავარქვათ – „რუსეთზე გამარჯვება“.
ზუსტად ამ დროს ევროპულმა სასამართლომ 12 წლის შემდეგ საქმეზე „საქართევლო რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა.
სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა.
არასათანადო მოპყრობა აღქმული უნდა იქნას, როგორც წამების აქტი: რა წერია ევროპული სასამართლოს განაჩენში, რომელსაც 12 წელი ველოდით
ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსულ ძალებსაც ეკისრებათ.
რა ბერკეტია განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ – ამ კითხვებით „ფორტუნამ“ ექსპერტებს მიმართა.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დოკუმენტი წმინდა ჰუმანუტარული საკითხია და პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„დოკუმენტით ძალიან კმაყოფილი ვარ, დაფიქსირებულია ძალიან ბევრი სიმართლე, რომელზეც მე მთელი ეს წლები ვლაპარკობდი. ესაა წმინდა წყლის ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე დოკუმენტი, რომელიც აშკარად არის მიმართული იქითკენ, რომ აღმოიფხვრას ის, რაც მოხდა: მკვლელობები, წამებები, პატიმრობები. ამ დროს კი ტერიტორიაზე ეფექტიურ მმართველობას ახორციელებდა რუსეთის ჯარები. დოკუმენტი ამბობს, რომ რუსთის ჯარები კი არ ახორციელებდნენ ამ დარღვევებს, არამედ ოსები და რუსეთის ჯარები ამას არ ეწინააღმდეგებოდნენ.
ეს დოკუმენტი არ აფასებს სახელმწიფოებს. აფასებს და ეძებს ადამიანების უფლებების დარღვევებს და ეძებს ვის ხელში იყო იმ დროს ადამიანების უფლებების დაცვა, რათა იმ ძალას დააკისროს ხარვეზის აღმოფხვრა. დოკუმენტი წმინდა ჰუმანიტარული ხასიათის აქტია და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს“. – ამბობს ექსპერტი.
რა წერია განაჩენში საქართველოსთვის არასასურველი
“ნაციონალური მოძრაობა, სულ ამბობდა, რომ ომი დაიწყო შვიდ აგვისტოს და „ქართულმა ოცნებას“ შეეშინდა რა „ნაციონალური მოძრაობის“ შემოტევებისა, ასევე დაიწყო ამის გამეორება.
ევროპული სასამართლოს დოკუმენტში, მეათე სქოლიოში პირდაპირ წერია: ქართული მხარე გვთავაზობს, რომ ომი დაიწყო შვიდში, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ომი დაიწყო რვაში.
ამას ამბობდა ტალიავინის დასკვნაც, მაგრამ ის იყო ანგარიში და იმაზე დავა შეიძლებოდა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ვინ დაიწყო ომი, ესეც გარკვევით წერია. ეს არის ტალიავინის დასკვნის გამეორება. განაჩენში წერია, რომ რვა აგვისტოს ღამით ქართული მხარის ინტენსიურმა დაბომვებმა ქალაქ ცხინვალისა, გამოიწვია რუსეთის საპასუხო რეაქცია და შეიჭრა ცხინვალისა და აფხაზეთის მხრიდან საქართველოს ძირითად ტერიტორიაზე.
300 გვერდიან განაჩენში არც ერთხელ არაა ნახსენები ცალკე ცხინვალის რეგიონი. ყველგან ნახსენებია სამხრეთ ოსეთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნახსენები ცხინვალის რეგიონი, როდესაც საქართველოს სარჩელს ციტირებენ.
„ჩვენ ამის დანახვას გავურბივართ. გუშინ არც ერთმა ქართულმა პოლიტიკოსმა ეს არ ახსენა. საერთაშორისო სამართალი მხოლოდ ერთ სახელს – სამხრეთ ოსეთს ასახელებს. მოგვწონს ეს თუ არა, ასეა. მე არ მომწონს, მაგრამ ფაქტია. ტერმინების შეცვლა კარგს არაფერს მოგვიტანს“.- განმარტავს ზაქარეიშვილი.
რა წერია განაჩენში საქართველოსთვის ყველაზე კარგი
„დოკუმენტი ძალიან ზუსტია. ბევრისთვის შეიძლება არასასიამოვნოა, მაგრამ ბევრ ბუნდოვანებაში სიცხადეა შეტანილი.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 200 ჯერაა ნახსენები სიტყვა ოკუპაცია და რუსეთი ოკუპანტადაა მოხსენიებული.
ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ისიც, დოკუმენტში წერია, რომ ადამიანების უფლებები დაირღვა, რომ საჭიროა მისი აღმოფხვრა და საჭიროა, კომპენსაციები იქნეს გადახდილი.
მაგრამ ვერ მოხდება ისეც, რომ დოკუმენტის საფუძველზე 8-დან 12 აგვისტომდე, რაც ცხინვალში ხდებოდა რუსეთს დავაბრალოთ, ისევე როგორც ვერ დავაბრალებთ ყველაფერს ქართულ მხარეს.
დოკუმეტი არ გადის ჰუმანიტარულ საკითების გარეთ. პოლიტიკაში არ გადადის და აზუსტებს ტერმინებს.
ამბობს, რომ ადამიანის უფლებები დაირღვა და დაირღვა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა საშულება დაეცვა ადამიანის უფლებები. რატომ? იმიტომ რომ იქ იდგა რუსეთის საოკუპაციო ჯარი.
დოკუმენტი მრავალი წელი იურისტებს გამოადგებათ როგორც ნიმუში, როგორი უნდა იყოს სერიოზული იურიდიული დოკუმენტი. საქართველოს უნდოდა ამ იურისიდიულ დოკუმენტში პოლიტიკა ჩაედო და სასამართლომ ამის საშუალება არ მისცა.“- ამბობს ზაქარეიშვილი.
დაპირება შესრულებულია – 12 წლიან დავაში საქართველომ გაიმარჯვა: იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილების დეტალებზე
როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ დოკუმენტი ეფექტიანად
„საქართველომ ეს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გამოიყენოს, თუ არ გამოიყენა, „მკვდარ დოკუმენტად“ დარჩება.
სადაც კი საუბარი იქნება რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციაზე, ამ დოკუმენტზე უნდა ისაუბრონ. აქამდე მხოლოდ ქართველები ფიქრობდნენ, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ახლა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ეს ოკუპაციაა. ესაა კარგი ციტირების დოკუმენტი.
ერთი რამ მაშინებს, შეიძლება საქართველომ ჩათვალოს, რომ მხოლოდ რუსეთია დამნაშავე და აფხაზებთან და ოსებთან საუბარს აზრი არ აქვს.
ჩვენი პრობლემის მოგვარება ევროპულ სასამათლოზე ან ვაშიგტონზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებზე. მე ვხედავ, რომ საქართველო არ არის მზად ეს დოკუმენტი გამოიყენოს. დოკუმენტი ეხება მხოლოდ ქართულ რუსულ კონფლიქტს და არ ეხება ქართულ-აფხაზურ და ქართულ -ოსურ კონფლიქტს და თუ ჩვენ ამის გამიჯვნა ერთმანეთისგან ვერ მოვახერხეთ, კონფლიქტი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეს იქნება ჩვენი წინდაუხედავი პოლიტიკის გამო. ჩვენ ეს დოკუმენტი უნდა გამოვიყენოთ რუსეთის წინააღმდეგ და არა რუსული საზოგადოების წინააღმდეგ“,- განმარტავს ზაქარეიშვილი.
ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! - თეა წულუკიანი
საქართველო ევროპული სასამართლოს განაჩენს 12 წელი ელოდა.
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს ბერკეტს, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაში დაარწმუნოს.
კითხვაზე, გვაძლევს თუ არა დოკუმენტი შანსს, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიებზე კონტროლი დავიბრუნოთ, ბოძაშვილი პასუხობს:
„ჩვენ მსგავსი მნიშვნელობის დოკუმენტი დღემდე არ გვქონია. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სასამართლომ იმსჯელა და განაჩენი გამოიტანა. თითქმის ყველა საკითხში საქართველოს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია.
მთავარია, რომ დაადასტურა ადამიანის უფლებების დარღვევა. იყო წამებისა და ეთნიკური წმენდის ფაქტები და ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართალში ნიშნავს შემდეგს – რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი და არ აქვს ლეგიტიმური უფლება, ამ ტერიტორიებზე ჰქონდეს რაიმე სახის იურიდიული პრეტენზია. ესაა ყველაზე მნიშველოვანი.
ამ დრომდე საქართველოს იურიდიულად დადასტურებული საერთაშორისო დონის სასამართლო გადაწყვეტილება ხელთ არ ჰქონია. იმისათვის, რომ რუსთს მოეთხოვოს პასუხი, ამ ჩადენილ დანაშაულებებზე. ეს პასუხი შეიძლება იყოს ფინანსური და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მხარე ამ მოთხოვნებს წარადგენს“.- ამბობს ბოძაშვილი.
რატომ წაიკითხა რუსეთმა დოკუმენტი განსხვავებულად
„რუსეთმა ისე „წაიკითხა დოკუმენტი“, როგორც „კითხულობს“ ხოლმე. ამაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა“ – აღნიშნავს ექსპერტი.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ
„საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის უკვე შეიძლება იურიდიული დოკუმენტის წარდგენა და თქმა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.
ესაა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში და იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება.
ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა საქართველო ყოველთვის იგებდა. რუსეთმა მხოლოდ რამდენიმე მისი სატელიტი ქვეყნის საშუალებით მოახდინა მათი აღიარება.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ განაჩენში წინაა წამოწეულია ოკუპაციის საკითხი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთს სანქციებს უკრაინასთან ან ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით უწესებდნენ, დადგა იურიდიული საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მიმართ განხორციელებული დანაშაულებებისთვის რუსეთს სანქციები დაუწესდეს.
ამას, რა თქმა უნდა, მუშაობა და კონკრეტული გეგმის შემუშავება სჭირდება. გეგმისა, რომელიც უნდა მოიცავდეს როგორც სამართლებრივ, ისე დიპლომატიურ ნაბიჯებს.
ამავე დროს დოკუმენტი მისცემს საქართველოს საშუალებას, რომ სხვა საერთაშორისო მექანიზმებში მოახდინოს საკუთარი ინტერესების დაცვა და კიდევ უფრო გაიმყაროს თავისი პოზიციები. მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების კუთხით და მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით“.- ამბობს ჩვენთან საუბარში ბოძაშვილი.
ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თავის თავს მიაწერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვის უნდა უთხრას მადლობა საქართველომ?
„შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული გვარები და სახელები, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების დადგომაში გადამყვეტი წვლილი შეიტანეს. ამ სახელებში და გვარებში არც ერთი პოლიტიკოსი არაა. არც ერთი და არც მეორე მხრიდან. მადლობა ეკუთვნით საჯარო მოხელეებს, რომლებიც ორივე ხელსუფლების დროს მუშაობდნენ და მათ მხრებზე გადავიდა ეს ყველაფერი. საქართველოში პოლიტიკოსების 95%-ს რომ შევხედოთ, მათ ძალიან ბევრ რამეზე წარმოდგენა არ აქვთ და ყოველთვის სხვის იმედზე არიან. ისინი დაპირებებს სხვა, მისიური ადამიანების ხარჯზე იძლევიან ხოლმე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სცდება ყველა პარტიულ ინტერესს. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა. სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, რომ პოლიტიკოსები მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად. ეს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე რომელიმე პარტიის დღის წესრიგი. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, ნამდვილად არ დავიწყებდი ამ შემთხვევაში იმის მტკიცებას, ეს ჩემი დამსახურებით მოხდა- მეთქი.
ეს შედეგი რომ დამდგარიყო იმუშავა ძალიან ბევრმა საჯარო მოხელემ. ესენი იყვნენ დიპლომატები, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, დაიკითხა უამრავი მოწმე, მათი ჩვენების ტომებია საქმეში და ამ ყველაფერს რასაკვირველია, მომზადება სჭირდებოდა“. – ამბობს ბოძაშვილი.