კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც “ფაიზერის ” მიერაა წარმოებული საქართველოშიც შემოვა. დღეს ამაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, თუმცა თამარ გაბუნიას არ დაუზუსტებია თარიღები.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კი ამბობს, რომ საქართველო იქნება “ერთ-ერთი პირველი ქვეყანა”, რომელიც ფაიზერის მიერ წარმოებულ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატ პაქსლოვიდს მიიღებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ “არის იმედი”, ეს მარტში მოხდეს.
“პაქსლოვიდზე ნადირობს მთელი მსოფლიო. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მწარმოებელთან, არის წინაპირობები ამისი, წინასწარი მონაცემები. არის იმედები, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, არა მთლად პირველი, რომელიც პაქსლოვიდს მიიღებს”, – ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, მიიღებს თუ არა ქვეყანა პრეპარატს მარტში, ცერცვაძემ დაამატა, რომ “დიახ, არის იმედები”.
28 იანვარს ევროპის წამლის სააგენტოს ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების კომიტეტმა პაქსლოვიდს რეკომენდაცია მისცა და ევროკავშირში მარკეტინგისთვის ავტორიზაცია დაამტკიცა.