LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ სამუშაო პროცესში ჩართვა, მაგრამ გამწევი ძალა და პროცესის ჩამშლელი იქნება „ენმ“ – გია ცაგარეიშვილი

124
გია ცაგარეიშვილი

„დღეს ვაკვირდებოდი და არიან პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, რომლებსაც სურთ სამუშაო პროცესში ჩართვა. ეს კარგია, მაგრამ აქ გამწევი, მთავარი ძალა და ჩამშლელი ამ პროცესის ისევ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ზღვარგადასული აგრესიით, შურისძიების გრძნობით და რევანშიზმის წყურვილით შემკული“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა.

გადაცემაში „დღის თემა“ დეპუტატმა ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და თქვა, რომ მომავალი წლის ბოლომდე რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული იქნება.

„ვფიქრობ მომავალი წლის ბოლომდე უკლებლივ ყველა პუნქტი თუ არა, დიდი ნაწილი მაინც იქნება შესრულებული. ნაბიჯ-ნაბიჯ შევასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას რომელიც იქნა წარმოდგენილი ამ 9 პუნქტში. ჩვენ შორს არ ვართ საბოლოო მიღწევამდე. მოლაპარაკების გახსნამდე არცთუ ისე დიდი გზა გვექნება გასავლელი, თუ არ იქნება საბოტაჟი, ბოიკოტირება ამ პროცესის, გაუთავებელი სიცრუის და სიყალბის გავრცელება შეგნებულად და მიზანდასახულად იმისთვის, რომ საქართველო ააცილონ ევროპულ გზას თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში “დღის თემა“.

შეგახსენებთ, ევროინტეგრაციის კომისიამ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა გუშინ დაამტკიცა.
დღეს კი ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ პროცესში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული.
„ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა დაუკავშირდეს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმინოს. ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ და ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი შეიტანონ. როგორც უკვე ვთქვი და გავიმეორებ, გაერთიანებულ ქართველებს ნამდვილად დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები