LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი და ბიკოვი შეთანხმდნენ, რომ საბჭოთა კავშირი საუკეთესო პოლიტიკური პროექტი იყო, საინტერესოა, რას იტყვიან არესტოვიჩის ქართველი ფანები და მაგინებლები – გიგა ზედანია

1115
ზედანიაგიგა

ილიას უნივერისტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი საბჭოთა კავშირს საუკეთესო პოლიტიკურ პროექტად თვლის. ზედანია ინტერესდება, რას ფიქრობენ არესტოვიჩის ქართველი ფანები და მისი მაგინებლები ამის შემდეგ.

“არესტოვიჩმა და ბიკოვმა ბოლო საუბარში დიდხანს ილაპარაკეს საბჭოთა ფანტასტიკაზე და ბოლოს შეთანხმდნენ, რომ საბჭოთა კავშირი არათუ უბრალოდ კარგი, არამედ საუკეთესო პოლიტიკური პროექტი იყო.

არ ელოდით? და რატომ?

არესტოვიჩმა, პაპი რატცინგერიც ჩვენ მხარეზეა, ისიც საბჭოთა კავშირის თაყვანისმცემელი იყოო (რაც იმდენად აბსურდული მტკიცებაა, რომ ვერც კი ვხვდები, საიდან მოიტანა).

თუ გავითვალისწინებთ, რომ არესტოვიჩის ქართველი ფანები საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი მაგინებლები არიან, ხოლო მისი ქართველი მაგინებლები – საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით გაჟღენთილი ხალხი, საინტერესოა, რას იტყვის ეს ორივე ბანაკი ახლა. კიდევ ერთი დასტური, რომ ქართული პუბლიკა სრულიად უმწეოა, ინტელექტუალური პრეტენზიების მქონე მოვლენებში ელემენტარულად მაინც გაერკვეს.

რომ დამჭირდეს (რაში, მარა მაინც), ჩემი მეგობრები დაადასტურებენ, რომ გამოჩენის პირველივე დღიდან არესტოვიჩის ინტელექტუალიზმის მიმართ ღრმა სკეპტიციზმით ვიყავი გამსჭვალული, რომელიც არც ახლა გამნელებია.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, უმარტივესი არგუმენტი: შეუძლებელია კარგი ყოფილიყო პოლიტიკური პროექტი, რომელიც ზღუდავდა წიგნებისა და ფილმების ცირკულაციას. ბავშვები კირ ბულიჩოვის წიგნების მიხედვით გადაღებულ ფილმებს ვუყურებდით იმიტომ, რომ არ შეგვეძლო ფრენკ ჰერბერტის ეკრანიზაცია გვენახა. რანაირად უნდა მოგეწონოს ასეთი ქვეყანა, თუ სენტიმენტალობა არ აბუნდოვანებს (“ბლარავს”) შენში აზროვნების უნარს, უბრალოდ არ მესმის.

და ბოლო შენიშვნა: საქართველოში არასაკმარისად აფასებენ იმას, თუ როგორ რადიკალურად ჩამოცილდა ჩვენი აკადემიური სივრცე რუსეთს. საქმე მხოლოდ რუსეთის სამეცნიერო წრეებთან კონტაქტების არარსებობაში არაა (ეს კონტაქტები არავის აუკრძალავს, უბრალოდ უნივერსიტეტები ბუნებრივად განვითარდნენ ამ მიმართულებით). საკმარისია უკრაინელ ინტელექტუალებს მოუსმინო, რომ მიხვდები, მათთან შედარებით რამდენად უკანმოუხედავად მოახერხა ევროპულსა და დასავლურ სივრცეში ინტეგრაცია ქართულმა ინსტიტუციონალიზებულმა აკადემიურმა სივრცემ.

ქართული – პოლიტიკასთან შეზრდილი – ბიზნესი ამ – რუსეთიდან ჩამოშორების – გზაზე ცოტა მაინც რომ მიბაძავდეს ქართულ უნივერსიტეტებს, ჩვენს ქვეყანას ისეთივე კარგი აწმყო ექნებოდა, როგორიც მომავლის პერსპექტივა აქვს”, – წერს ზედანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები