LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოსაცემად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას ითხოვს

106

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, ასევე, სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწოდებას ითხოვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონული პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა განუცხადა.

თამარ ავალიანი გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამასთან, გივი ტატუნაშვილთან ერთად 11.00 საათიდან საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდა. როგორც მან პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, დაზარალებული მხარე ოფიციალურად გაეცნო გამოძიების მიმდინარეობას და დღეს მათთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე ორი მუხლით მიმდინარეობს.

“ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. დღის პირველ ნახევარში ჩვენ შევხვდით საქმის პროკურორს, გამომძიებლებს და საგამოძიებო ჯგუფს, ასევე, საოლქო პროკურორს. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ველით ექსპერტიზის პასუხებს, მაგრამ პროკურატურაში განგვიცხადეს და ჩვენც ვიცით, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს, შესაძლოა გართულდეს სიკვდილის მიზეზის სრულყოფილი შედეგის დადგენა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. ჩვენ გამომძიებლებს ვუთხარით, რომ ვითხოვთ ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს ხელისუფლება დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის გამოძიებას და დააყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი. ამასთანავე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვნახეთ, რომ ცხინვალის მხარეს არ გადმოუცია ქართული მხარისთვის სამედიცინო დოკუმენტაცია. ქართველმა სამართალდამცველებმა და გამომძიებლებმა მზაობა გამოთქვეს ჩვენთან, რომ ისინი სამომავლოდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან”, – განაცხადა თამარ ავალიანმა.

საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა ასევე არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის გაეცნო მხოლოდ საქმის მასალებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები