„ქართულ ოცნებაში“ თანამდებობა არასდროს ყოფილა პრივილეგია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ქვეყანა განაგრძობს განვითარებას, ყველა ინსტიტუტი განაგრძობს ფუნქციონირებას და ჩვენი გუნდი არსებითად ამ კონფიგურაციით ერთიანად განაგრძობს იმ მთავარი პასუხისმგებლობის შესრულებას, რასაც ჰქვია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რისი მომსწრეც გახდა ჩვენი საზოგადოება, ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ძალიან გულწრფელი, ლოგიკური, ღირსეული არგუმენტები დაასახელა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენს გუნდში, „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობა არასდროს ყოფილა პრივილეგია, ის ყოველთვის იყო დიდი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენგანი ასე უყურებს ამ საკითხს.
მგონი, წლების განმავლობაში საზოგადოებაც დარწმუნდა, რომ თანამდებობა არ არის ამოსავალი წერტილი, იდეაფიქსი ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებისთვის. ოდესღაც რაღაც იწყება და რაღაც მთავრდება”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. პარტიის წესდების მიხედვით, კანდიდატი პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარუდგინა.დელეგატებმა კი კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს.
მანამდე „ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ყრილობას ესწრებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.