ბათუმის მერიასთან საინიციატივო ჯგუფის “არ გადადოს” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციულ შენობასთან ბათუმის ავარიული სახლების ფოტოები მიიტანეს და გამოფენა მოაწყვეს.
მათ ფოტოებთან ერთად ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით – “არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?!”
როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, ქალაქში ავარიული სახლების რაოდენობა ბევრია და ასეთი სახლი დაახლოებით, 3 ათასამდეა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, შენობები საცხოვრებლად უვარგისია და ასეთ სახლებში ცხოვრება სახიფათო:
“ეს შენობები საცხოვრებლად უვარგისია, თუმცა რეაგირება მხოლოდ ერთხელ მოჰყვა, წინასაარჩევნოდ. მაშინ იქ მაცხოვრებლებს შეხვდნენ, დაპირდნენ, რომ უსაფრთხო გარემოში გადაიყვანდნენ, თუმცა არჩევნების შემდეგ გაქრნენ. ამ სახიფათო თამაშს და ადამიანის სიცოცხლით მანიპულირებას პასუხი გაეცემა”, – თქვა საინიციატივო ჯგუფის აქტივისტმა ნიაზ ჩიტიძემ.
მათ მოსახლეობის ხელმოწერებით მერიაში განცხადებებიც დატოვეს.