არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 47 საქმეზე დაიწყო, აქედან 9 საქმეზე შეწყდა და გარკვეული საქმეები არის მიმდინარე, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი თქმით, კომისიის წევრებს პროკურატურის წარმომადგენლებმა არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე ინფორმაცია გააცნო.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო კონკრეტულად რეკომენდაციაზე, რომელიც, ალბათ, გამოიცემა კომისიის მიერ იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე პირებს არ ჰქონდეთ სამაგიდო სიებზე წვდომა იმ მიზნით, რომ მათ დაამუშაონ სიებიდან მიღებული ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია ამომრჩეველზე სავარაუდო კონტროლის მიზნით.
მისივე თქმით, პროკურატურამ წარმოადგინა სტატისტიკა მათ მიერ დაწყებული გამოძიებების შესახებ
“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 47 საქმეზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების ჭრილში, აქედან 9 საქმეზე გამოძიება შეწყდა და გარკვეული საქმეები არის მიმდინარე. დასახელდა ციფრი, თუ რამდენი პირის მიმართ იქნა ბრალი წაყენებული არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილი კანონდარღვევების გამო”,- განაცხადა ტალიურმა.