LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ – მანდატიან პარტიებს ვურჩევ, შევიდნენ პარლამენტში: უგულავა

55
გიგი უგულავა

“ამ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, ეს არ იქნება ჩემი არჩევნები და არც ვაპირებ, რომ ვიაქტიურო.” – ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე, რომელიმე პარტიაში გაწერიანებაზე არ ფიქრობს.

უგულავა აცხადებს, რომ მისი ამოცანაა – ხელი შეუწყოს,  რომ როგორც ერთიანი კანდიდატები, ასევე მაჟორიტარებიც ერთიანი იყოს:

“პარტიაზე ახლა საერთოდ არ ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ პარტიის ფორმატი ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის არ მჭირდება. ამ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, ეს არ იქნება ჩემი არჩევნები და არც ვაპირებ, რომ ვიაქტიურო. 10 წელიწადია თბილისზე მე მახსენებენ, იმის შემდეგ ორი მერი ჰყავდა “ქართულ ოცნებას’ ორ-ორი ვადით, მაგრამ ისევ მე მახსენებენ. ჩემი ამოცანაა, ხელი შევუწყო იმას, რომ იყოს ერთიანი კანდიდატები, აუცილებელია მაჟორიტარებიც ერთიანი იყოს. არავისთან კონფრონტაციას და ჩხუბს არ ვაპირებ, თუმცა მაქსიმალურად უნდა შევძლოთ პოზიციების დაახლოება და ერთმანეთის დარწმუნება, რომ ვმოქმედებთ სწორად.” – თქვა უგულავამ.

ოპოზიციონერი ასევე აღნიშნავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენა სწორი არ იქნება და დეპუტატები, რომლებსაც მანდატი აქვთ, ურჩევს პარლამენტში შევიდნენ.

უგულავა აქვე აღნიშნავს, რომ მოაწერენ თუ არა შარლ მშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს, ეს უკვე თავად პოლიტიკოსების გადასაწყვეტია:

“მანდატიან პარტიებს ვურჩევდი, ახლა, ასეთ ვითარებაში პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არ მოაწერენ, ეს მათი საქმეა და მე, სიმართლე გითხრათ, არსებით საკითხად არ მიმაჩნია. რომელიმე პარტია თუ თვლის, რომ იქ რაღაც მიუღებელი მუხლებია, შეუძლია შევიდეს და იმ მუხლებს არ მისცეს ხმა და სხვა საკითხებს მისცეს, შესაბამისად, ხელი არ მოაწეროს დოკუმენტს, მაგრამ პარლამენტში იმუშაოს, რათა პროპორციული არჩევნები მართლა დადგეს.

მთავარი, რაც ამ პარლამენტისგან შეიძლება გამოიდნოს, არის ის, რასაც ივანიშვილი თავიდან დაგვპირდა, მერე მოგვატყუა, მერე დაგვიჭირა, მერე გამოივაჭრა 30 მაჟორიტარი, ამ 30 მაჟორიტარით 2020-ის არჩევნები მოსპო, გააუბედურა და ლეგიტიმაცია შეურყია და ახლა ბოლოს ამ ომებით და ჩხუბებით მივდივართ იქამდე, რომ სრულად პროპორციული არჩევნები იყოს.” – განაცხადა უგულავამ.