ქვეყანა კორონავირუსის მეხუთე ტალღას ებრძვის, ვაქცინაციის ტემპი კი ეკონომიკისთვის მორიგი გამოწვევაა – რატომ ვერ დგამს ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებს და როგორ აფასებენ ვითარებას სპეციალისტები? თემაზე “ფორტუნას” გადაცემაში “ბიზნესკურიერი” გიორგი კეპულაძესთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა ისაუბრა.
ეკონომისტის მოსაზრებით ხელისუფლება გადაწყვეტილებას პოლიტიკური ფაქტორების გათვალიწინებით იღებს და ნაბიჯები, რომელიც ამ დრომდეც უნდა გადადგმულიყო, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ იქნება მოსალოდნელი.
„ვფიქრობ, რომ შეზღუდვები გარდაუვალია. სამწუხაროდ ჩვენთან ისეთი პრაქტიკა დამკვიდრდა, რომ შეზღუდვები პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება. სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, შეზღუდვები იქნება, იმიტომ რომ მოცემულება გვაქვს ისეთი, რომ შეზღუდვები დღესაც უნდა იყოს. ინფიცირება მზარდია და უახლოეს მომავალში აქედან გამოსავალი არ ჩანს. ვაქცინაცია პრაქტიკულად გაჩერებულია“. – ამბობს ბერიკაშვილი „ბიზნესკურიერთან“.
ეკონომისტის მოსაზრებით, შეზღუდვები პირდაპირპროპორციულად მოახდენს გავლენას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
“თუ შეზღუდვები იქნება, შესაბამისად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იკლებს. რამდენით ამის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მისი დათვლა შეგვიძლია უფრო პოსტფაქტუმ, იმიტომ რომ ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული და არ ვიცით, როგორ წავა ეს პროცესი და არ ვიცით, რა შეზღუდვებს დააწესებს ხელისუფლება.
შეზღუდვების დაწესებისას ხელისუფლება არ არის თანმიმდევრული. არ ვიცით, რაზე დაყრდნობით აკეთებენ ამ შეზღუდვებს. შესაბამისად პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.
რასაკვირველია, ლოკდაუნი და ჩაკეტვა თუ იქნება, ეს ხელს შეუშლის ეკონომიკურ პროცესებს ყველა მიმართულებით,” – განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა „ბიზნესკურიერთან“.