პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „არჩევნების დაცვის ყველაზე დიდი გარანტია არჩევნებზე მისული თითოეული მოქალაქეა“. მისი განმარტებით, თითო ხმა არის თითო გართულება „ქართული ოცნებისთვის”, რომ ვერ გააყალბოს არჩევნები“.
ხოშტარიას თქმით, რამდენიმე საათი გვაშორებს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს, რადგან ქართული საზოგადოების მიერ გაკეთებული არჩევანი ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანს.
ელენე ხოშტარია 6 რჩევას აქვეყნებს, რომლებიც მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლის დროს ხმის მიცემის პროცესის პარალელურად უნდა გაითვალისწინონ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვემზადებით ხმების დასაცავად. განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ვართ ბევრად უფრო მომზადებულები, კოორდინირებულები. ოპოზიციური პარტიები ვთანამშრომლობთ ძალიან ინტენსიურად და მჭიდროდ ხმების დასაცავად. ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში ჩამოსულია ბევრი მაღალი დონის სადამკვირვებლო დელეგაცია, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს დემოკრატიას და უბნებზე იქნებიან ბევრად მეტი დამკვირვებლები, ვიდრე 2020-ის არჩევნებზე.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების დაცვის ყველაზე დიდი გარანტია არის არჩევნებზე მისული თითოეული მოქალაქე. ზოგმა, შეიძლება იფიქროს, მე რომ არ წავიდე რა შეიცვლება, ერთი ხმაა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თითო ხმა არის თითო გართულება „ქართული ოცნებისთვის”, რომ გააყალბოს ვერ არჩევნები. ამიტომ, თითოეული არჩევნებზე მისული მოქალაქე არის მეტი გარანტია მშვიდობიანი გარდატეხის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
ყველა ერთად, ჩვენ-ჩვენი როლებით, ვიცავთ ხმებს. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს თავისი როლი ხმების დაცვაში ამიტომ მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ რამდენიმე კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ, დაიცვან თავიანთი არჩევანი.
ეს არის 6 რჩევა, ინსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს თანამოქალაქეების ჩართულობას ხმების დაცვაში, რომელიც დაგვიცავს კარუსელისგან და სხვადასხვა მანიპულაციისგან:
1) საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორთან მისვლისას, მოგიწევთ, ხელი მოაწეროთ ამომრჩეველთა სიაში თქვენი სახელისა და გვარის გასწვრივ. ხელმოწერისათვის რეგისტრატორი იყენებს სპეციალურ სახაზავს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ხელი მოაწეროთ ზუსტად თქვენი სახელისა და გვარის გასწვრივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ხმა შესაძლებელია გამოიყენონ არჩევნების გასაყალბებლად.
2) ბიულეტენის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მის მთლიანობას. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ბიულეტენის გაცემისას, (დასტიდან ბიულეტენის მოხევისას) რეგისტრატორმა შესაძლებელია დააზიანოს ის, რაც თქვენი ხმის ბათილობის საფუძველია, ამიტომ თქვენთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ მიღებული ბიულეტენი არ არის დაზიანებული.
3) საარჩევნო ბიულეტენის გადაცემამდე, რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენს შესაბამის ადგილზე და ამოწმებს სპეციალური ბეჭდით. რეგისტრატორი ხელმოწერილ და ბეჭედდასმულ ბიულეტენს გადასცემს ამომრჩეველს, რომელიც იღებს ბიულეტენს და შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში. შესაძლებელია, რეგისტრატორმა შეგნებულად გამოტოვოს ხელმოწერა ან ბეჭედი თქვენთვის გადმოსაცემ ბიულეტენზე. ასეთ შემთხვევაში თქვენი ხმა ბათილია.
4) რეგისტრატორთან მისვლისას, ყურადღება მიაქციეთ სამაგიდო სიას. ე.წ. საარჩევნო კარუსელის ასამოქმედებლად საჭირო პიროვნებების გასწვრივ რეგისტრატორები გარკვეული ტიპის მინიშნებებს აკეთებენ, მაგალითად კონკრეტული სახელისა და გვარის წერტილით მონიშვნა. თუ მსგავს შემთხვევას წააწყდით, აუცილებლად მიმართეთ რომელიმე ოპოზიციური პარტიის, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს.
5) კენჭისყრის კაბინაში არ ხდება ფოტო/ვიდეო გადაღება. ამომრჩეველი ავსებს ბიულეტენს იმგვარად, რომ მისი ნება ნათლად იყოს გამოხატული. ხმების დათვლისას ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ხმა გაუქმდეს, გაბათილდეს. ბათილობის ერთ-ერთი საფუძველია, ამომრჩევლის ნების ბუნდოვანი გამოხატვა. ეცადეთ, თქვენთვის სასურველი კანდიდატი/პოლიტიკური პარტია შემოხაზოთ რაც შეიძლება მკაფიოდ, რათა ხმების დათვლისას არ გაჩნდეს შეკითხვები თქვენს მიერ გაკეთებულ არჩევანთან დაკავშირებით.
6) ორი ოქტომბრის არჩევნებზე თქვენ გადმოგეცემათ სამი სახის ბიულეტენი – ქალაქის მერის, პოლიტიკური პარტიის სიისა და თქვენი ოლქის მაჟორიტარის ასარჩევად. კენჭისყრის კაბინაში ხმის მიცემის შემდეგ, კარგად დაკეცეთ სამივე ბიულეტენი და მოათავსეთ ერთ კონვერტში. კარგად დალუქეთ კონვერტი, რათა ხმების დათვლისას, როდესაც საარჩევნო კომისია დაცლის საარჩევნო ყუთს, თქვენი ბიულეტენი არ გადმოვარდეს კონვერტიდან. აღნიშნული იწვევს გადმოვარდნილი ბიულეტენის ბათილობას“, – განაცხადა ხოშტარიამ.