LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები კანდიდატებს შორის კი არა, სისტემებსა და ღირებულებებს შორისაა

84

ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი გამორჩეული და, შეიძლება ითქვას, კოლორიტული ფიგურა შალვა ნათელაშვილია, რომელიც საკმაო დიდი ხანია პოლიტიკაშია და ბევრი რამ უნახავს და გამოუვლია. ის დღესაც პრეზიდენტობის კანდიდატია და ამ რანგში „ფორტუნას“ ბლიც-კითხვებს პასუხობს.


დღეს რადიო „ფორტუნა“ საპრეზიდენტო კანდიდატს – შალვა ნათელაშვილს გაგაცნობთ…

მე ყველა მიცნობს… მინდა რადიომსმენელებს გამარჯვება ვუსურვო, ასევე სრულიად საქართველოს ვუსურვო კვირას 28-ში ფორტუნას გამართლება. ეს ნიშნავს, რომ ეს ნარკორეჟიმი თავიდან მოვიცილოთ.

რა ნარკორეჟიმი?..

ნარკობარონი ხელმძღვანელობს ქვეყანას, რომელმაც ნარკოლიბერალიზაცია არ იკმარა. ახლა ამბობს, რომ ჩემი კომპანია დაგითესავთ მარიხუანას, მერე ძვირად გავყიდი და ასე შეგივსებთ ბიუჯეტსო. ეს კაცი არის ახალი თაობის ესკობარი, კარლო გამბინო, კოზა ნოსტრა, იაკუძა ერთად აღებული და ამ კაცს აბარია ჩვენი ბედი. ეს კაცი აწარმოებს ფულის გამოძალვას ბიზნესმენებისგან, ამ კაცმა შეიარაღებული ფორმირებები შექმნა, ათეულობით მხედრიონი გვაქვს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ჩაიყვანონ სარდაფში, გააშიშვლონ, გაუპატიურებით დაემუქრონ.. მეტი უბედურება რაღა უნდა მოხდეს.

და თქვენ რატომ უნდა ჩაგაბაროთ ჩვენი ბედი. რატომ ფიქრობთ, რომ საუკეთესო კანდიდატი ხართ?

არა, მე ამას არ ვფიქრობ, ამას ფიქრობს საქართველო, თანაც მრავალი წელია. მაგრამ ამ ფიქრის განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ.

რატომ?

3%-იანი ფენა ბატონობს ჩვენზე – 97%-ზე, რომელმაც ჩაიგდო თავის დროზე პოლიტიკური ძალაუფლება, მერე „დაითრია“ მილიარდიანი ქონება, მერე გააღატაკა ქვეყანა, 15 ლარიანი ამომრჩეველი გააჩინა, მათი ტერორით ახერხებს ყოველი არჩევნების მოგებას. ივანიშვილმა ეს პროცესი აიყვანა კულმინაციამდე. პირდაპირ გვითხრა, რომ სახელმწიფო ეს მე ვარ, პარლამენტიც, მთავრობაც, ეკონომიკაც. მე ახლა მინდა გამარჯობა ვუსურვო საცობებში მოხვედრილ მძღოლებს. ეს ხდება იმიტომ, რომ როცა ხალხი დაბრუნდა თბილისში, მერე გაახსენდათ მაგისტრალური გზების დათხრა. იქ, სადაც პარკი უნდა გაშენდეს, ბავშვებმა ითამაშონ, იქ აშენებს ივანიშვილი, წულაია, კალაძე, ოდიშარია კორპუსებს, მერე რომ მიჰყიდონ 35 ათას დოლარად ირანელებს და ჩვენ ამოგვახრჩონ. გარდა ამისა, ტყვიით სავსე ბენზინი შემოდის და ეს პირდაპირ ბავშვებს ურტყამს.

თქვენ რას იზამთ, თუ პრეზიდენტი გახდებით, თქვენი პირველი სამუშაო დღე როგორი იქნება?

პირველი სამუშაო დღე იქნება პარლამენტის დათხოვნა. უნდა წავიდეს იქ 41 მილიონერი რომ ზის, საჭიროა, ახალი საპარლამენტო არჩევნები, მრავალპარტიული ეროვნული მთავრობა, სასამართლო ხელისუფლების გაწმენდა, ბიზნესის დაბრუნება ხალხისთვის და მონოპოლიების დამსხვრევა, უფასო უმაღლესი განათლება, მაგისტრატურა უფასო, ჯანმრთელობის დაცვა ყოველგვარი სადაზღვევო კომპანიების გარეშე, მთლიანად ბიუჯეტზე. საბოლოო ჯამში უნდა დავიწყოთ პოლიტიკის დეოლიგარქიზაცია, უნდა გაიყოს ბიზნესი და პოლიტიკა, სამართალი და უსამართლობა, კანონიერება და უკანონობა. უნდა მოგვცილდეს სიღარიბე და ჩვენ ხალხს უნდა მოხმარდეს, რაც აქამდე წაართვეს.

როგორც ვიცი, იურისტი ხართ, ანუ კარგად გეცოდინებათ კანონები. პრეზიდენტს აქვს ამდენი რამის უფლება კანონით, იგივე ეკონომიკის გაძლიერება, პენსიების ზრდა, თქვენ როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემებს?

პრეზიდენტს ბევრი რამ შუძლია, ის არის უმაღლესი თანამდებობის პირი საშინაო და საგარეო ურთიერთობებში. მეტი უმაღლესი უკვე ღმერთია. მთავარი ის კი არაა, კონსტიტუცია როგორ გამოშიგნეს და რა დატოვეს. მთავარი სტატუსია, რომელსაც უსმენს მთელი მსოფლიო. თქვენ რა გგონიათ, პრეზიდენტის რანგში რომ მოვითხოვო ამერიკის მთავრობისგან და ევროკავშირისგან ივანიშვილის კრიმინალური მილიარდების დაყადაღება და ბიუჯეტში გადმორიცხვა, რა მოხდება? 24 საათში ამათი გრიალი დამთავრებულია ჩემი არჩევის შემთხვევაში. ამიტომ ახლა ყველა, მათი სატელიტებიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ. არჩევნები კანდიდატებს შორის კი არა, სისტემებსა და ღირებულებებს შორისაა, ეს სიმდიდრე ამათი შვილების იქნება თუ ხალხის. ერთი მთავრობის სამი საგარეო საქმეთა მინისტრი მიპირისპირდება.

ისინი ძლიერი კონკურენტები არიან თქვენთვის?

ჩემი კონკურენტები ძლიერები როგორ არიან, ვიწვევ დებატებზე და არ მოდიან. გაგიგიათ საპრეზიდენტო არჩევნები, როცა დებატები არ მიდის კანდიდატებს შორის. არ შეუძლიათ.

არგუმენტები არ აქვთ ?

არგუმენტები უნდა ჰქონდეთ. გამოვლენ თუ არა, ჩემთან წუთნახევარში დამთავრებულია მაგათი დებატები. ვიწვევ ყველას, პირველ რიგში სახელისუფლებო ფავორიტებს და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ქალბატონი რომ იჩემებს პრეზიდენტობას, რეალურად არის მართული თოჯინა პუტინისგან, მას სურს, რომ აღიაროს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. მეორე კანდიდატის არჩევა ეს პუტინის რუსეთიო – ამის გამოცხადების ტოლფასია. ბოკერიას წარმომადგენელი რომ აირჩიონ, მაშინ გამოდის, რომ სისხლიანი ბოკერიას წარმომადგენელს ირჩევ.

ბოლო შეკითხვა ყველა კანდიდატთან: ვინ გახდება სქართველოს პრეზიდენტი?

საქართველოს პრეზიდენტი გახდება შალვა ნათელაშვილი. თუ არ გახდება, ის დარჩება ხალხის მხარდაჭერილ და საყვარელ პოლიტიკოსად.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები