LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებამდე 2 დღით ადრე, კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა პოლიტიკურად მოტივირებული და ოპონენტების წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიის ნაწილია: წერეთელი

46
1

“ამ კონკრეტული საქმის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ის ვიცი, რომ კეზერაშვილი უმეტეს საქმეებზე გამართლდა, ხოლო ევროპის სასამართლოებმა მათ შორის ლონდონის და საფრანგეთის, არ დააკმაყოფილეს ქართული მხარის მიერ ექსტრადაციის მოთხოვნა, იმ მიზეზით, რომ ქართული სასამართლო იყო პოლიტიკურად მოტივირებული და შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისთვის.” – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილ კიდევ ერთ სარჩელს.

თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

როგორც წერეთელი აცხადებს, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კიდევ ახალი სარჩელის შეტანა პოლიტიკურად მოტივირებულია:

“არჩევნებამდე 2 დღით ადრე, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კიდევ ახალი სარჩელის შეტანა არის პოლიტიკურად მოტივირებული და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს წინასაარჩევნოდ იმისათვის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე დამატებითი საქმეები აღძრას, კომპრომატები გამოჩხრიკოს.

ეს არის ძირითადი ინსტრუმენტი, მე არ ვიცი კონკრეტულად ამ საქმის შესახებ, მაგრამ ის ვიცი, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ წარმოებული საქმეები ზოგი შეწყდა, ზოგ საქმეზე ის გამართლდა და კიდევ უფრო მძიმე იყოს ის ფაქტი, რომ ევროპის, მათ შორის, ლონდონის და საფრანგეთის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ექსტრადაციის მოთხოვნა, იმ მიზეზით, რომ ქართული სასამართლო იყო პოლიტიკურად მოტივირებული და შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისთვის.

ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. “ქართული ოცნების” მთავარი ამოცანა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების გაშავება და დევნა, ამ შემთხვევაში ამ ყოველივეს ემატება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლაც.” – აცხადებს წერეთელი.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.