მედიკამენტების ფასები უკონტროლოა. წამლების ფასები ყოველდღიურად იცვლება. მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, წამლებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით შეიმჩნევა.
„ძალიან გაზრდილია ფასები, განსაკუთრებით თებერვლის მერე მოიმატა. ზოგიერთი წამალი ერთ დღეს რომ 22 ლარი ღირს, შეიძლება მეორე დღეს 27 ღირდეს, ოღონდ ეს ცვლილებები ფასდაკლებებთან დაკავშირებული არ არის ხოლმე“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ მომხმარებელმა, რომელიც მშობლისთვის ყოველთვიურად ყიდულობს გარკვეული სახის მედიკამენტებს.
პენსიონერი კი, რომელიც წამლებს ყოველდღიურად მოიხმარს, „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მოიმატა წნევის დამარეგულირებელი მედიკამენტების ფასმა.
„წნევის წამლები ვიყიდე რამდენიმე დღის წინ და მომატებულია ფასი, თუმცა უმნიშვნელოდ, მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ ფასებს, ძალიან მომატებულია. მაგალითად, კორაქსანი (საგულე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სტაბილური სტენოკარდიის დროს), 14 ლარის ნაცვლად, ახლა 20 ლარი ღირს“, – განაცხადა ერთ-ერთმა პენსიონერმა „ფორტუნასთან“.
მისივე თქმით, წამლების ფასის ზრდის პარალელურად, გარკვეული სახის პროდუქტებზე უარის თქმა უწევს.
„ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია, ამიტომ პირველ რიგში წამლებს ვყიდულობ და შემდეგ საჭმელს, შეიძლება ზოგჯერ, ჩემი პენსიის ნახევარზე მეტიც კი წამლებში დავხარჯო… საკვებისთვის კი აღარაფერი მრჩება…“ – განაცხადა მან „ფორტუნასთან.
ხელისუფლების რეაქცია
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ამ საკითხზე კომენტირებისას „ფორტუნასთან“ განაცხადა, რომ პირველადი მოხმარების წამლებზე ფასების მატება არ დაფიქსირებულა და ზოგადად ფასებს სამინისტრო ან სახელმწიფო არ აკონტროლებს.
”პირველადი მოხმარების წამლებზე ფასების მატება ჩვენს მონიტორინგს არ დაუფიქსირებია. ფასებს ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო არ აკონტროლებს, ეს არის თავისუფალი ბაზრის პრინციპით მოქმედი 10 პროცენტი კერძო ინვესტირების“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ დავით სერგეენკომ.
იზრდება თუ არა კონკრეტულ მომენტში ფასები წამლებზე, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სფეროში მაინც მაღალი ტარიფებია. მიუხედავად ამისა, აფთიაქები საქართველოში წარმატებულ ბიზნესად ითვლება. ამას ადასტურებს, როგორც რიგები ყველა აფთიაქთან ნებისმიერ დროს და ასევე ფილიალების სიმრავლეც.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სულ 2339 აფთიაქია. როგორც სააგენტოში „ფორტუნას“ განუცხადეს, აქედან თბილისში 1018 მდებარეობს, ხოლო რეგიონში 1321 ფილიალი.
აფთიაქები ბევრია, თუმცა კონკურენცია არც ისე დიდი – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბაზარზე რამდენიმე კომპანია გაერთიანდა.
ამ დროისთვის წამყვანი პოზიციები ამ სფეროში gpc-ს psp-ს, ავერსსა და ფარმა დეპოს უჭირავს. ყველა ქსელში ფასები თითქმის ერთნაირია.
ამ ბიზნესს ხელს უწყობს კიდევ ერთი ფაქტორი:
გარიგებები საავადმყოფოებთან და ექიმებთან
გარდა იმისა, რომ ქართველებს მედიკამენტებთან, ექიმებთან და ამ სფეროსთან განსაკუთრებით დადებითი დამოკიდებულება გვაქვს, ამ რაოდენობის მედიკამენტების გაყიდვასა და შესაბამისად, სააფთიაქო ბიზნესის წარმატებას ხელს უწყობს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი.
ის, რომ ექიმის კაბინეტში შესულს სხვდასხვა დასახელების მედიკამენტების სარეკლამო ფლაერები ან ბუკლეტები გვხვდება, აღარავის გვიკვირს.
ფარმაციულ ბაზარზე დიდი კონკურენციაა და კომპანიები საკუთარი წამლების გაყიდვას სწორედ ასე ცდილობენ – უმეტეს შემთხვევაში, ექიმები სწორედ იმ დასახელების წამალს უწერენ პაციენტებს, რომლებთანაც „მეგობრობა“ აკავშირებთ. გაყიდული მედიკამენტებიდან ზოგ შემთხვევაში ისინი მოგებასაც იღებენ.
„ფორტუნასთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ როდესაც ბაზარზე ახალი დასახელების მედიკამენტი შემოდის, მას აუცილებლად სჭირდება დარეკლამება, ამისთვის კი საუკეთესო მეთოდი სწორედ ექიმის მოსყიდვაა.
„არ არის საუბარი, კონკრეტული წამალი კარგია თუ ცუდი, საუბარია იმაზე, რომ ახალი კომპანიები, რომლებიც ბაზარზე შემოდიან, ექიმებს ფულს უხდიან იმისთვის, რომ კონკრეტული დასახელების მედიკამენტი გამოუწეროს პაციენტს. ამისთვის კი ექიმები გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ. თუმცა, არის კომპანიები, რომელთა წამლებსაც, ექიმები ყოველგვარი მოგების გარეშე ნიშნავენ“, – განაცხადა მან „ფორტუნასთან“.
ფარმაცევტული კომპანიები უარყოფენ, იმას რომ მედიკამენტების გაყიდვით „ზემოგება“ რჩებათ
თუ როგორ ხდება წამლებზე ფასწარმოქმნა, GPC ამასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რეალურად მარჟა მხოლოდ 16%-31%-ს შეადგენს. კონკრეტულად განცხადებაში დასახელებულია 2 პრეპარატი.
1. მედიკამენტი გონალ-ფ 75 სე :
შესყიდვის ფასი მწარმოებლისგან – 18 $ (დაახლოებით 45 ლარი)
საცალო ქსელში სარეალიზაციო ფასი (ფასდაკლების გათვალისწინებით) – 65.6 ლარი
კლინიკებისთვის მისაწოდებელი ფასი (საბითუმო) – 50 ლარი
2. კრაინონი 8% აპლიკატორი #15:
შესყიდვის ფასი მწარმოებლისგან – 32,03 $ (დაახლოებით 80 ლარი)
საცალო ქსელში სარეალიზაციო ფასი (ფასდაკლების გათვალისწინებით) – 116 ლარი
კლინიკებისთვის მისაწოდებელი ფასი (საბითუმო) – 98 ლარი
„რეალური მარჟა აღნიშნულ პრეპარატებზე შეადგენს 16%-31%-ს.
ფინანსური აუდიტის შედეგად დადგენილი წმინდა მოგების მარჟა, კომპანიის მიერ მოძიებული საერთაშორისო წყაროების მიხედვით, დარგის საშუალოზე დაბალ მაჩვენებელს შეადგენს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, სადაც აღნიშნავენ, რომ კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს ფასდაკლებები.
ფასდაკლებების სისტემა აფთიაქებში უცხო არ არის. თუმცა, ეს მუდმივი აქციები, რომ ყოველთვის რეალური ფასდაკლება არაა, ამის შესახებ „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი კომპანიის ფარმაცევტმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერ წამლებზე ფასებს 40%-ით უმატებენ, ფასდაკლების დღეებში და დროს კი 30%-ით აკლებენ.
„რეალურად მომხმარებელი ირჩევს ძვირსა და უფრო ძვირს შორის და ფასდაკლებები კი ყველამ იცის, როგორც ხდება, 40%-ით მომატებულ ფასებს 30%-ს აკლებენ და ესაა ქართული „სეილი“, – განაცხადა ფარმაცევტმა „ფორტუნასთან“.
რამდენად სწორად ხდება ფასდადება და მანიპულირებენ თუ არა აფთიაქები ყველაზე მნიშვნელოვნით – ჯანმრთელობით?
კვლევა ამ საკითხზე 2012 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. ბოლო ასეთი კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ჩაატარა, რომელშიც იკვეთება, რომ ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე ვერტიკალურ მონოპოლიას ფლობენ – აკონტროლებენ მედიკამენტების ბიზნესის ყველა რგოლს იმპორტიდან მის რეალიზაციამდე.
ამას კი კომპანიები საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციას იმპორტ-დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და წარმოების სექტორებში დომინირებისთვის იყენებენ. ეს კი მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატების დაწესებას იწვევს.
კვლევაში ასევე გამოჩნდა, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასზე დამატებული საშუალო ფასნამატი სხვა ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებზე ბევრად მაღალია.
სტატიაში რესპონდენტების სახელები მათი სურვილის გამო არ არის მითითებული.
თამთა უთურგაშვილი