“თუ გაიხსენებთ ჩემს განცხადებას, სატელევიზიო გამოსვლებშიც ხშირად მითქვამს და ვასაბუთებ დღესაც, რომ არავითარი პირადი ინტერესი არ მაქვს, არ მაქვს ამბიცია თანამდებობებზე და ეს ჩემი ქმედებებით დავამტკიცე”,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა:
„არ მაქვს ბიზნესი საქართველოში, მიუხედავად ჩემი ოპონენტების მცდელობისა, ამაზეც მაქვს პასუხები და თუ დაზუსტება გინდათ, გამოგყვებით და დავაზუსტებ – მე არ მაქვს არანაირი პირადი ინტერესი, თუმცა პირადული ინტერესი არ არის სირცხვილი. ამავდროულად. მინდა, გითხრათ, რომ ზოგადად ადამიანი, პოლიტიკოსია თუ ბიზნესმენია, პირადულიდან მოდის, პირადული ამოძრავებს. ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქეს, ივანიშვილს, არავითარი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე პირადულიდან გათავისუფლებული ვარ. მთავარი მიზანი არის ჩემი ქვეყანაა, ისევე როგორც თქვენი. საოცრად მიყვარს, როგორც გიყვართ თქვენ. ქართველებს, ასე მგონია, რომ განსაკუთრებულად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, თუმცა არავის არ ვაკნინებ, ყველას აქვს დამოკიდებულება, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც“
მისივე თქმით, როგორც მოქალაქეს, აქვს პასუხისმგებლობის განცდა და გრძნობა იმისა, რომ იზრუნოს ქვეყანაზე:
„მინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, რომ მეც, ჩემს შვილებსაც, თქვენს შვილებსაც, ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები ჰქონდეს და ეცხოვრებოდეს საკუთარ ქვეყანაში. ეს არის ჩემი პირადი ინტერესი. ამაზე ნაკლები პირადული ინტერესი ჩემი აზრით არც ერთ მოქალაქეს არ უნდა გააჩნდეს და არც გააჩნია საქართველოში. მე არ მაქვს დამატებითი პირადული, შეიძლება ასე ვთქვათ, გარდა იმისა, რომ საერთო იყოს კარგი, რომ იმ საერთოში მეც ბედნიერად ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში. , ეს მამოძრავებს და დამატებითი არავითარი ინტერესი არ გამაჩნია“