LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარ ფულის გათეთრებას, თაღლითობას და დანაშაულს არ აქვს ადგილი, არ მოხდება ამის დამტკიცება ქართულ სასამართლოებში? მოხდება სტარსბურგში: ადვოკატი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

62
Untitled design (5)

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მორიგი პროცესი გაიმართა.

პროცესზე დღეს დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა. 

როგორც მოგვიანებით ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე არანაირ „ფულის გათეთრებას“ და თაღლითობას არ აქვს ადგილი და თუ ეს ქართულ სასამართლოებში არ დამტკიცდება, სიმართლე სტრასბურგის სასამართლოში დადგინდება.

„სასამართლოს ხანდაზმულ სიტუაციაზე წარვუდგინე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ხანდაზმულ საქმეზე არ შეიძლება. ესეც საქართველოდან გასული ერთ-ერთი საქმეა. ამავდროულად ვისაუბრეთ პროკურატურის საჩივარზე, რომელიც კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ ისევ გადაკვალიფიცირდეს ე.წ.ფულის გათეთრებაზე და კიდევ ერთხელ წარვადგინოთ ჩვენი მტკიცებულებები.

მე უკვე რამდენიმე წელია ამ საქმეზე ვამბობდი და ვამბობ, რომ არავითარი „ფულის გათეთრება“ არ იყო ამ საქმეზე და ეს გაიზიარა სასამართლომ და ახლა, ვამტკიცებ, რომ არავითარ თაღლითობას და არავითარ დანაშაულს არ აქვს ადგილი. თუ არ მოხდება ამის დამტკიცება ქართულ სასამართლოებში, მოხდება სტრასბურგში – ეს არის ორჯერ ორი ოთხი. მირჩევნია, რომ ეს მოხდეს აქვე, რომელიმე ინსტანციის სასამართლოში რომ ეს არ გავიდეს ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა კორძაძემ.

პარალელურად, პროკურორი აცხადებს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოში წარადგინეს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის ბრალეულობას ამტკიცებს:

„დღეს, დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ეს სიტყვა წინააღმდეგობაში იყო საქმეზე წარმოებულ მტკიცებულებებთან, ეფუძნებოდა მხოლოდ ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას. ჩვენ სასამართლო სხდომაზე თვალნათლივ წარმოვაჩინეთ, რომ ბრალდებულების ჩვენებაც წინააღმდეგობაშია საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ დასკვნითი სიტყვით ნათქვამი ეს პოზიცია არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, უნდა გაიზიაროს ჩვენი პოზიცია, რითაც ვითხოვთ, რომ განაჩენი გადაკვალიფიცირდეს ისევ ძველ მუხლზე, შეიცვალოს კვალიფიკაცია 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და დაადგინოს გამამატყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მოსამართლემ მათ მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეეფარდა, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, გაუქმდა მათ მიმართ შეფარდებული გირაო და დადებული ყადაღები.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.