პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ტიპის მცდელობას – რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო უმკაცრესი რეაგირებით უპასუხებს. მისივე თქმით, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და მთავრობა თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციური უფლებების შესრულების გარანტი იქნება.
“რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია, ეს ჩვენი სიმდიდრეა, ეს არის ის, თუ როგორ ვაშენდებდით საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციური უფლებების შესრულების გარანტი. არავის მივცემთ უფლებას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა, ასევე არავის მივცემთ საშუალებას უკანონო ქმედებებით რაიმე სახით პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშრებით, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა, ელემენტარული, მარტივი მცდელობა იმისა, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან რაიმე პროვოცირება მოხდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად იმოქმედებს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.