პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გავრცელებული ჭორები, რომ ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ეტაპზე ყაზბეგში ეპიდემიოლოგირუი მდგომარეობა სრულად კონტროლდება და არანაირი რისკი არ არსებობს.
“რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება და არავინ აპირებს ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას”,- აცხადებს გახარია.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების მასობრივ ტესტირებასა და მის შედეგებზეც ისაუბრა. როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეის მონაცემებით, ტესტირება საერთაშორისო გადაზიდვების 54 205 მძღოლს ჩაუტარდა, რომელთაგან ვირუსი 788-ს დაუდასტურდა.
პრემიერი: მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით, სიფრთხილე გვმართებს
“მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტის მძღოლების ტესტირება, დღეის მონაცემებით 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი დაუდასტურდა 788 ადამიანს. შეიძლება გვეგონოს ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული ერთი ასეთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო უდიდესი გამწვავების შედეგი.
ეს ის მიმართულებებია, რომელიც დიდი ყურადღებით და დიდი სიფრთხილით უნდა ვაკონტროლოთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.