არასრულწლოვნებისთვის ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა გართულდება. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია.
ნომერ პირველი პრობლემა და ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა აზარტული თამაშების პრობლემას. რა ფორმით მოხდება საკითხის დარეგულირება ჯერჯერობით უცნობია. „მაქსიმალურად შევეცდებით საზოგადოებრივ და ბიზნესის ინტერესს შორის ბალანსი დავიცვათ“, – აცხადებენ მმართველ გუნდში.
ონლაინ-კაზინოების მკაცრ, რეგულაციურ ჩარჩოებში მოქცევის მომხრეა უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.
„დღევანდელი რეალობა ასეთია – ნებისმიერ არასრულწლოვანს, ვისაც რაღაც საშუალებით სხვა ადამიანის პირადობის მოწმობა აქვს, მაგალითად 14 წლის ბავშვს, რომელმაც მოახერხა უფროსი ადამიანის პირადობის მოწმობის ნომრის გაგება, შეუძლია დარეგისტრირდეს, დაიწყოს თამაში, თანხა შეიტანოს paybox-დან… რეკლამაც შეუზღუდავია და კომპანიების მხრიდან მარკეტინგი – დაურეგულირებელი. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სოციალურ ქსელში „ამოხტება“ ფანჯარა, რომელიც ამ ადამიანებს სთავაზობს სერვისს, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, შეიზღუდოს ხელმისაწვდომობა და არ იყოს ასე მარტივი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.