„ბოლომდე ყველაფერი დასრულებული არ არის, ჯერჯერობით სისუსტე დამრჩა, მაგრამ ეს უმნიშვნელო მომენტებია, აღარ არის საინტერესო“, – ასე დაიწყო გახსენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ა/ო „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის, როდესაც თინა ხიდაშელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
თინა ხიდაშელმა ჯანმრთელობის კუთხით გადალახულ სირთულეებზე გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ისაუბრა.
„ჩემი ცხოვრების ფილოსოფია იმაშია, რომ არ ვიდარდო იმაზე, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული. რა აზრი აქვს? ტყუილად, დამატებით პრობლემებს იკიდებ. ეს მიდგომაც დამეხმარა.
მართლა, არასდროს მიფიქრია სიკვდილზე. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე უბრალოდ არ მოვკვდებოდი, წამით ეს დაშვება არ გამიკეთებია!..
სხვა რამეზე ვფიქრობდი, მაგალითად იმაზე, რომ ეტლიდან ვერ ავდგებოდი და ამაზე ძალიან ვნერვიულობდი. თუმცა, ამ დროსაც ვფიქრობდი, რომ ბევრი, ჩემზე ათასჯერ მეტად წარმატებული ადამიანები ცხოვრობენ ეტლში. იმ მომენტში, როდესაც ძალიან ცუდად ვიყავი, რამდენიმე ღამე, რაციონალური ფიქრის, რამეზე წუხილის მომენტი ვერ მექნებოდა, როდესაც მთავარი კრიზისი გადავლახე, უკვე გონებაზე ვიყავი და შესაბამისად, ამაზე აღარ ვფიქრობდი. სხვა ტიპის შიშები კი, მაგრამ სიკვდილის შიში არ მქონია..
ავადმყოფობის პროცესში, როდესაც უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, ეთერში გამოვჩენილიყავი თუ არა, ყველაზე მეტად დავინახე ჩემი თავი, თუ რამდენად მეათეხარისხოვანია ჩემთვის როგორ გამოვიყურები ან რას იფიქრებენ..
საერთოდ არანაირი დაავადება არ მქონია, სკოლა ისე დავამთავრე სიცხე და გრიპი არ მქონია.. როდესაც გერმანიაში ჩავედი, ექიმებმა მითხრეს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადარჩი არის ის, რომ ვერსად ვერ დაიბუდა, ვერ იპოვა ადგილი ორგანიზმში, საიდანაც შეტევას დაიწყება“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საზოგადოების მხრიდან მიღებულ მხარდაჭერაზეც ისაუბრა:
„გიჩნდება განცდა რომ ტყუილად არ გიცხოვრია.. თურმე არიან ადამიანები, რომლებსაც შენმა არსებობამ იმედი მისცა, ოპტიმიზმი ჩაუსხა, რომ იმას თუ გამოუვიდა, მეც შემიძლია.. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა და ცუდად ვიყავი, ეთერ-ეთერ დავდიოდი და სულ ვლაპარაკობდი ამაზე, რომ მიცნობდეთ, პირადად თინა ხიდაშელს და არა როგორც საჯარო პირს, უნდა იცოდეთ, რას ნიშნავდა ჩემთვის ამაზე საჯაროდ საუბარი.. არასდროს არ შემეძლო, რომ ადამიანებს ვენახე სუსტი..“