LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არანაირი აზრი არა აქვს აცრის წინ შედედების დიაგნოსტიკის ჩატარებას, ატიპური თრომბოზების განვითარებას შორის მინიმუმ 4 დღეა შუალედი და არა წუთები” – თამარ ჟამურაშვილი

701
თამარ-ჟამურაშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი, ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს.

ექიმი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

1. ხარისხიანი მედიცინა და მეცნიერება პასუხებს ყოველთვის იძლევა!

2. არანაირი აზრი არა აქვს ასაკობრივ შეზღუდვას და მხოლოდ +55-ის აცრას.

3. არანაირი აზრი არა აქვს აცრის წინ შედედების დიაგნოსტიკის ჩატარებას.

4. ვაქციანაციასა და უიშვიათესი, ატიპური თრომბოზების განვითარებას შორის მინიმუმ 4 დღეა შუალედი და არა წუთები.

5. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს ჰეპარინიზაცია აცრის შემდეგ შესაბამისი ჩივილებისა და დიაგნოსტიკის გარეშე.

6. პაციენტებს, ვისაც წარსულში ტიპური თრომბოზები (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია) გადატანილი აქვთ, არ აქვთ ვაქცინაციის შედეგად ატიპური თრომბოზების (სინუსის/ცერებრული ვენების, მეზენტერიალური თრომბოზი) მომატებული რისკი.

AstraZeneca-ს ვაქცინის შედეგად გამოწვეული თრომბოზების დიაგნოსტიკური და თერაპიული ალგორითმი

გერმანიის თრომბოზისა და ჰემოსტაზის კვლევის საზოგადოება Gesellschaft für Thrombose- und Hämostaseforschung (GTH) 2021 წლის 22 მარტი.

2021 წლის 19 მარტს გერმანიაში განახლდა Covid-19 საწინააღმდეგო ვაქციანცია Astra Zeneca-ს ვაქცინებით. ამას წინ უძღვოდა Paul-Ehrlich-ის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, სადაც აღწერილი იყო სინუსის ან ცერებრული ვენების თრომბოზის 13 შემთხვევა, >1,6 მილიონ Astra Zeneca COVID-19-ით ვაქცინირებულ პირებს შორის. თრომბოზული გართულება განვითარდა ვაქცინაციიდან 4-16 დღის მანძილზე. ამ 13 ადამიანიდან 12 იყო ქალი, ხოლო 1 მამაკაცი. მათი ასაკი მერყეობდა 20-63 წლებს შორის. ამ პაციენტების შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა თრომბოციტოპენიას, რომელსაც საფუძვლად უდევს იმუნოლოგიური მექანიზმი და წარმოადგენს თრომბოზული გართულების სავარაუდი მიზეზს.

GTH-ის მიერ შესწავლილ იქნა ძირითადი პათომექანიზმი.

ვაქცინაციის დროს, სავარაუდოდ, ანთებითი რეაქციის და იმუნოსტიმულაციის ფონზე, ხდება თრომბოციტების ანტიგენის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნა. ეს ანტისხეულები, ჰეპარინზე დამოკიდებულებით, ან მისგან დამოუკიდებლად, Fc- რეცეპტორების საშუალებით იწვევენ მასიურ თრომბოციტოპენიას, ეს პროცესი ემსგავსება ჰეპარინ ინდუცირებულ თრომბოციტოპენიას (HIT). ეს მექანიზმი (HIT მიმიკრია) GTH-ის მიერ დადგინდა Astra Zeneca COVID-19-ით ვაქცინირებული 4 პაციენტის შემთხვევის შესწავლის შედეგად, რომელთაც გამოუვლინდათ სინუსის/ცერებრული ვენების თრომბოზი. კლასიკური HIT-ის მსგავსად, ვაქციანციის შემდეგაც ეს ანტისხეულები წარმოიქმნება 4-16 დღეში. ეს მექანიზმი არ გამორიცხავს Astra Zeneca-ით ვაქცინაციის შემდეგ სინუსის/ცერებრული ვენების თრომბოზის განვითარების სხვა მიზეზებს. თუმცა, იგი საფუძვლად უდევს GTH-ის განახლებულ რეკომენდაციებს:

Astra Zeneca-ს ფირმის ვაქცინით აცრის სარგებელი ჭარბობს მის უარყოფით გამოვლინებებს, ასე რომ, GTH მიესალმება გერმანიაში Astra Zeneca-ით ვაქცინაციის გაგრძელებას.

ამჟამად არსებული ცოდნის თანახმად, არ არსებობს იმის დასტური, რომ ტიპური ლოკალიზაციის თრომბები (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის სისხლძართვების თრომბოზი) Astra Zeneca COVID-19 ვაქცინაციის შემდგომ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ასაკის შესაბამის ნორმალურ პოპულაციაში.

იმუნოლოგიური გენეზის გამო თრომბოზის ანამნეზის ან/და თრომბოფილიის მქონე პაციენტებში არ ფიქსირდება იმის გაზრდილი რისკი, რომ განვითარდება ეს იშვიათი გართულება, როგორიცაა სინუსის/ცერებრული ან სხვა, ატიპური ლოკალიზაციის ვენების თრომბოზი.

აცრის შემდგომ განვითარებული გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა სახსრების, კუნთების, თავის ტკივილი 1-2 დღის მანძილზე, არის უხშირესი გვერდითი მოვლენა და არ წარმოადგენს შიშის საფუძველს.

გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც აცრიდან 3 დღეზე მეტი გრძელდება, ან გამოიკვეთება დამატებით ახალი სიმტომის სახით (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, გულისრევა/ღებინება, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის, მუცლის ან კიდურების არეში), საჭიროა თრომბოზის გამორიცხვის მიზნით დამატებითი სამედიცინო კვლევები.

მნიშვნელოვანია შემდეგი ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვირს მიზნით, სისხლის ნაცხი, D-დიმერი, საჭიროების შემთხვევაში შემდგომი ინსტრუმენტული კვლევები (მაგ.: MRT, გულმკერდის და მუცლის CT, ულტრასონოგრაფია).

თრომბოციტოპენიის და/ან თრომბოზის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ჰეპარინის ექსპოზიციის მიუხედავად პათოფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი ანტისხეულების კვლევა. დიაგნოსტიკური ალგორითმის პირველ ტესტს წარმოადგენს HIT-ის სკრინინგული ტესტი, რომელიც დაფუძნებულია თრომბოციტების ფაქტორ 4 (Plättchenfaktor PF4) და ჰეპარინის კომპლექსის წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების იმუნოლოგიურ გამოვლენაზე. თუკი ეს ტესტი უარყოფითია, შეგვიძლია HIT-ის მსგავსი, სპეციფიკური იმუნოლოგიურად გაშუალებული გენეზი როგორც თრომბოზი/თრომბოციტოპენიის მიზეზი გამოვრიცხოთ. თუ ეს ტესტი დადებითია, უნდა ჩატარდეს კლასიკური HIPA-ტესტი (HIPA-ჰეპარინ ინდუცირებული თრომბოციტების აქტივაცია), ან სეროტონინის გამოთავისუფლების ტესტი (SRA, SRA, serotonin-release assay). ამ ტესტების მეშვეობით დგინდება პათოფიზიოლოგიურად მნიშნვნელოვანი ანტისხეულები, რომლებიც ჰეპარინის ინექციის (ტიპური HIT) თუ მის გარეშე (აუტოიმუნური HIT) ააქტივებენ თრომბოციტებს. დადებითი შედეგი ადასტურებს აუტოიმუნური HIT-ის დიაგნოზს. HIPA ან SRA ტესტების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს მოდიფიცირებული HIPA-ტესტი. ეს ტესტი გამოავლენს პათოფიზიოლოგიურ ანტისხეულებს, რომლებსაც ტიპური ან აუტოიმუნური HIT-ისგან განსხვაებული რეაქციის პატერნი გააჩნიათ. დადებითი პასუხის შემთხვევაში დგინდება ვაქცინით ინდუცირებული პროთრომბოზული იმუნოთრომბოციტოპენია (VIPIT).

მანამ, სანამ (აუტოიმუნური) HIT გამოირიცხება, კლინიკური სიტუაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, თავი უნდა იქნას შეკავებული ჰეპრაინის ინიექციებისგან და გამოყენებულ უნდა იქნას სხვა, ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ HIT-ის დროსაც.

იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ (აუტოიმუნური) HIT ან VIPIT და კრიტიკული თრომბოზი (სინუსის/ცერებრული ვენების, მეზენტერიალური თრომბოზი), პროთრომბოტული პათომექანიზმის შეჩერება შესაძლოა ინტრავენური მაღალდოზირებული იმუნოგლობულინების (IVIG) 1 გ/კგ დღეში, 2 დღე ზედიზედ გამოყენებით.

კვლევების შედეგების მიუხედავად, საჭიროა ასევე განხილულ იქნას თრომბოზის ალტერნატიული მიზეზები. მაგ.: თრომბოზული მიკროანგიოპათია (TTP, HUS), ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია და მალიგნომები (ჰემატოლოგიური)“.-წერს თამარ ჟამურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები