“ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც არეულობის შემოტანის მცდელობა ჰქონდა და არ გამოუვიდა,”- ამის შესახებ თბილისის მერმა ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კახა კალაძე ამბობს, თუ შსს ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს.
„იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.
სარჩელის შეტანა მათი უფლებაა, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა”- აცხადებს კალაძე.
კახა კალაძემ, სამოქალაქო აქტივისტების თქმით, აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა
რა მოხდა ვარკეთილში
მისივე თქმით, პირს, რომელიც მას მაისურის შემოხევაში სდებს ბრალს, მაისურს ჩუქნის.
“სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. საკმაოდ საინტერესოა. ორი მაისური გვაქვს ასეთი. ერთს გადავცემთ მას, მეორეს – მთავარ არხს“, – განაცხადა კახა კალაძემ და ჟურნალისტებს აჩვენა მაისური, რომელზეც დატანილი იყო მიხეილ სააკაშვილის ფოტო.
შეგახსენებთ, მოქალაქე, რომელიც “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებშია ასახული შემოხეული მაისურით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში თბილისის მერს ადანაშაულებს.
აქტივისტი ამბობს, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდა პოლიციაში, თუმცა მისთვისაც უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება.