არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში დამოუკიდებლობის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, პარალელურად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა ხელი მოაწერა განცხადებას აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონის გადასვლის დაუშვებლობის შესახებ.
არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, არტაკ ბეგლარიანის თქმით, აქციას 40 ათასი ადამიანი, ანუ ე.წ რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედი ესწრებოდა.
პუტინი: ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს - ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა და შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ ის ძირითადი მომენტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას.“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
დამოუკიდებელი შეფასებით კი, აქციაზე 70 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რაც მთიანი ყარაბაღის რეგიონის მოსახლეობის ნახევარია.
„არცახი [მთიანი ყარაბაღი] არასოდეს ყოფილა და არც იქნება დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნაწილი. ეს იდეა უნდა იყოს საფუძველი აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – ნათქვამია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება ასევე შეიცავს მოთხოვნებს სომხეთის მისამართით, „დაიცვას ორი სომხური რესპუბლიკის საერთო ინტერესები“.
გარდა ამისა, დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთს „განაგრძოს თავისი ვალდებულება არცახის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეპუტატებმა რუსეთს შესთავაზეს „დანერგოს დამატებითი პოლიტიკური და სამხედრო მექანიზმები“, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც ე.წ რესპუბლიკის არსებობას ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ სოჭში, ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს სოჭში მასპინძლობს.
კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება შარშან, მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების განხორციელება და „შემდგომი ნაბიჯები [რეგიონში] სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.“
მედიის ინფორმაციით, პუტინი ორმხრივ მოლაპარაკებებს თითოეულ ლიდერთან გამართავს.
ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გარშემო, კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
ერთი თვის წინ ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის, 2020 წლის სისხლიანი ომის შემდეგ, ყველაზე მწვავე შეტაკებები მოხდა.