საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა. მატჩი ჩვენების უპირატესობით წარიმართა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა საბოლოოდ თამაში ფრედ – 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-13 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა. ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ოქრიმ ზუსტად შეასრულა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება კონტრშეტევაზე შეძლეს, 33-ე წუთზე სწრაფი იერიში შედეგიანი დარტყმით სტეფან რისტოვსკიმ დაასრულა. 64-ე წუთზე უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან მაკედონიელთა ცენტრალური მცველი ვისარ მუსილუ გააძევა. დარჩენილ დროში ჩვენს გუნდს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
ბოლო წუთებში მაკედონიელთა კართან შტურმი იყო. ჩვენები ფლანგიდანაც ცდილობდნენ შეტევებს და ცენტრიდანაც. ყველაზე რეალური შანსი ოქრიაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შენგელიას ჰქონდა მე-5 დამატებულ წუთზე, როცა ეს უკანასკნელი ვარდნაში ურტყამდა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო და ქულა გადაარჩინა.
ვაისმა ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა.
თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა.
ჯაბა კანკავა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ქვეყნის მთავარ გუნდს ყველაზე მეტ – 51 შეხვედრაში უკაპიტნა.
ამავე მატჩში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა თბილისის “საბურთალოს” 21 წლის მცველმა ნიკა მალიმ.
მოგეხსენებათ, საქართველო და ჩრდ. მაკედონია ერთა ლიგის წინა გათამაშების D დივიზიონის ნახევარფინალისტები არიან და მოგების შემთხვევაში, შესაძლოა, 8 ნოემბერს თბილისში ერთხელაც შევხვდეთ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა მასშტაბის თამაში იქნება. ასე რო, შესაძლოა ეს ერთგვარი რეპეტიციაც კი იყო…
და კიდევ: საქართველო პორტუგალიასთან ერთად რჩება იმ გუნდად, რომელსაც ერთა ლიგაზე თამაში არ წაუგია.
ვლადიმირ ვაისი:
“ორი ქულა დავკარგეთ, რადგან მეორე ტაიმში ბევრი კარგი მომენტი შევქმენით, შენგელიას და კანკავას კარგი შანსები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ უკეთ ვითამაშოთ და შეგვიძლია კიდეც. ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდია, რომელსაც გორან პანდევის სახით დიდი გამოცდილების ფეხბურთელი ჰყავს. ამ გუნდში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა.
25-30 წუთის განმავლობაში 10 ფეხბურთელის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. სათამაშო სქემა შევცვალეთ და შევეცადეთ, რომ თამაში მოგვეგო. ეს ვერ შევძელით, თუმცა ფრე ნორმალური შედეგია, ოქტომბერში გასამართი პლეი-ოფის წინ ეს ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო.
ახლა ჩვენ უკვე ბელარუსთან მატჩზე ვფიქრობთ. ეს გადამწყვეტი შეხვედრაა და ვნახოთ რა მოხდება ერთ თვეში. ბიჭებს ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურად მოემზადონ აღნიშნული შეხვედრისთვის. პირველ რიგში ეს ფიზიკურ მომზადებას ეხება.”
საქართველო 1:1 ჩრდ. მაკედონია
თბილისი, დინამო არენა
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (75′ შენგელია), კანკავა, კვეკვესკირი (85′ კაჭარავა), ოქრიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (62′ ჩაკვეტაძე)
სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, გრიგალავა, კობახიძე, კობოური, ჯიღაური, გვილია, ლობჟანიძე
ჩრდ. მაკედონია: სისკოვსკი, რისტოვსკი, ველკოსკი, მუსილუ, ალიოსკი, ადემი (59′ ნიკოლოვი), სპიროვსკი, ტრაიკოვსკი (59′ ნესტოროვსკი), ბარდი, ელმასი, პანდევი (78′ ბეიტულაი)
გაფრთხილება: 22′ ბარდი, 45’1 ქვილითაია, 58′ მუსილუ, 65′ ნიკოლოვი
გაძევება: 64′ მუსილუ
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (პენ.) (13), 1:1 რისტოვსკი (33)
საქართველოს ნაკრები მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის მატჩში ჩვენი გუნდი “დინამო არენაზე” ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.