LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვიცი, რა დავარქვა ასეთი ფორმით გადაცემას, არანაირი ტენდერი არ გამოცხადებულა” – გიორგი რამიშვილის თქმით, „სილქნეტს“ დისკრიმინაციულ პირობებში უწევს მუშაობა

53
გიორგი რამიშვილი

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელს „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მის შეცვლას ითხოვს.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „სილქნეტს“ დისკრიმინაციულ პირობებში უწევს მუშაობა. ამის მიზეზად, რამიშვილი 2012 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, „დელტაკომს“ ქალაქის ბოძებზე სრული დაშვება მიენიჭა.

„მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ეხება პასიურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებას. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. მინდა, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მივიქციო. 2012 წლის აპრილში თბილისის მერიამ მისთვის სასურველ კომპანიას „დელტაკომს“ ქალაქის ბოძებზე სრული დაშვება მიანიჭა. არ ვიცი, რა დავარქვა ასეთი ფორმით გადაცემას, არანაირი ტენდერი არ გამოცხადებულა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩვენმა კონკურენტმა შეიძინა ეს კომპანია და მონოპოლია აქვს მერიის ბოძებზე დაშვებაზე“, – თქვა გიორგი რამიშვილმა.

რამიშვილი პარლამენტს სთხოვს, კანონპროექტის საფუძველზე, ბაზარზე მონოპოლია სრულად აღმოიფხვრას.

„ჩვენ ახლა სასამართლო დავა გვაქვს მერიასთან. ასევე, აქტიურად ვსაუბრობთ ამ საკითხზე. თქვენ თუ გინდათ, რომ გაკეთდეს 5G, რაც არის ტექნოლოგიური წინსვლა, ეკონომიკის განვითარება, ასეთ ვითარებაში ეს ვერ მოხერხდება. ჩვენ აღარ გვაქვს საშუალება, რომ დავკიდოთ ჩვენი მოწყობილობები. აქედან გამომდინარე, ეს არის დისკრიმინაცია. ჩვენი კონკურენტი კიდევ უფრო მეტ უპირატესობას მიაღწევს, მივიღებთ ძალიან დიდ თავკომბალას და გამორიცხულია, რომ ჩვენ მას კონკურენცია გავუწიოთ. ჩვენ და „ბილაინს“ შანსი აღარ გვექნება, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ახლა არის შანსი, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი ისეთი ჩანაწერით, რომ ეს დარღვევა აღმოიფხვრას ერთხელ და სამუდამოდ“, – თქვა გიორგი რამიშვილმა.

საქმე ის არის, რომ 2016 წელს „დელტაკომის“ 100%-იანი წილის მფლობელი „მაგთიკომი“ გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები