LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვარ უსახლკარო, ჩემი სახლი თბილისია – ვინ არის მიხეილი, რომელსაც ქუჩაში ძინავს?!

359
72983386-2661880820531445-8583784928976568320-n

უსახლ-კარობა ყოველთვის ასოცირდება ჭერის არქონასთან და ასეთ ადამიანებად ხშირად მივიჩნევთ იმათ, ვინც დაძონძილი ტანსაცმლით მეტროში, ქუჩაში, გადასასვლელებში და კორპუსის სადარბაზოებში გვხვდება. პრობლემა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალურია, განსაკუთრებით დედაქალაქშია მძიმე. თავშესაფრის მოთხოვნით მთავრობას ათასობით ადამიანი მიმართავს, თუმცა გარკვეული ან გაურკვეველი მიზეზების გამო, მათი მხოლოდ ნაწილის დაკმაყოფილება ხდება. ამ დრომდე გრძელდება მსგავსი შინაარსის აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც.

შუა ხნის მამაკაცი, რომელიც რობაქიძის გამზირზე ვნახეთ, ამბობს რომ უსახლ-კარო არ არის და მისი სახლი… თბილისია.

რამდენიმე საათი გაუნძრევლად იწვა ქუჩაში. ნასვამი იყო. ბევრმა აუარა და ჩაუარა, თუმცა არავის აზრად არ მოსვლია მისი მდგომარეობით დაინტერესებულიყო. ალბათ გასაგებიცაა. მიხეილი გამვლელებს დასალევისთვის ფულს თხოვს. ყველამ თავი აარიდა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. ყველას თავისი გაჭირვებია, მიხეილს კი თავისი გასაჭირი აქვს.

ცოტა რომ გამოფხიზლდა, მოგვიყვა, რომ რამდენიმე წლის წინ ბინა ბანკმა გაუყიდა და ოჯახთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. როგორც თვითონ გვითხრა, ცოლმა და შვილებმა არ აპატიეს „ახალგაზრდული შეცდომა“. თვითონ ნაქირავებში გადავიდნენ, ის კი ქუჩაში დარჩა. დაიწყო დალევა და ახლა მისი სახლი თბილისია. ნათესავებს ხშირად მიმართავს. განსაკუთრებით ზამთარში. ცივი თვეები ზოგჯერ  ნათესავის სახლში გაუთევია, ზოგჯერ სადარბაზოებში. იხსენებს, რომ ერთხელ რაღაც თავშესაფარშიც იცხოვრა, თუმცა მალევე წამოვიდა, სასმელზე დამოკიდებულების მიზეზით.

რას იზამს ამ ზამთარში? – “ჯერ თბილი შემოდგომაა, არ ცივა. საჭმელი და სასმელი ყოველ დღე შემიძლია ვიშოვო. თბილი ტანსაცმელიც მაქვს. სმას თავს ვერ ვანებებ, თორემ რამე სამუშაოსაც ვიშოვიდი. მე ბევრი ნაცნობი მყავს და დამეხმარებიან“, – ამბობს მიხეილი.

დაუთვლელი უსახლკაროები - რა ელით მიუსაფარ ადამიანებს ზამთარში

მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროს ჩასასვლელები,  ქუჩის ბორდიურები და ბაღის სკამები – თბილისში ღამის საათებში ამ ადგილებში არაერთი მძინარე, მიუსაფარი ადამიანის ნახვა შეიძლება. ქუჩაში მცხოვრები ადამიანების პრობლემას ზამთრის სიცივეები განსაკუთრებით ამწვავებს. ქუჩაში გაყინვის და გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად ფიქსირდება. რამდენი მიუსაფარი ადამიანია ქვეყანაში, ამის შესახებ ერთიანი  ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები თავად აღრიცხავენ ასეთ პირებს, ხოლო […]

თბილისს უსახლკაროთა ტრაგიკული შემთხვევებიც ახსოვს, როდესაც 2011 წელს ძლიერი ყინვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ფაქტს 2012 წელს უსახლკაროთა დახმარების საინიციატივო ჯგუფის შექმნაც მოყვა. ჯგუფის ხელმძღვანელი ნათია ხაინდრავა იყო  და მაშინ დახმარება facebook-ით დაიგეგმა. გარკვეული თანხის შეგროვების შემდეგ კი დროებითი თავშესაფარი გაკეთდა.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტუალური უსახლკაროთა პრობლემაც გახშირდება. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე.

„როგორც ცნობილია, მოქალაქე თავშესაფარში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმს – უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო“, – წერია თბილისის მერიის გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები